თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მიესალმება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოში 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პროკურორ ფატუ ბენსუდას ინიციატივით, რუსეთს 2008 წელს სამხრეთ ოსეთში სამხედრო დანაშაულების გამოძიების მასალები მოსთხოვა. საქართველოს საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი 2008 წელს შეიტანა და რუსეთს თავის ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტის მსვლელობისას დანაშაულების ჩადენაში დასდო ბრალი.
„მივესალმები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის კანცელარიის გადაწყვეტილებას საერთაშორისო დანაშაულების გამოძიების დაწყების შესახებ, რომლებიც საქართველოში 2008 წლის ომის დროს მოხდა. ჩვენმა მთავრობამ კანცელარიას ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოში მიმართა… და წარუდგინა მასალები საერთაშორისო ნორმების დარღვევის შესახებ, მათ შორის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებთან (ეთნიკური გენოციდი) და სამხედრო დანაშაულებთან დაკავშირებით“, – წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
სამწუხაროდ, რუსეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას არ აღიარებს და მთელი ამ დროის განმავლობაში არსებულ პროცედურებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა, აღნიშნა ექს–პრეზიდენტმა.
„მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა მხარემ პროკურორის კანცელარიას ეთნიკური წმენდის შესახებ მის ხელთ არსებული სრული მასალა წარუდგინოს“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქმიანობის საფუძველს 2002 წელს ამოქმედებული რომის სტატუსი წარმოადგენს.
რუსეთმა საერთაშორისო შეთანხმებას ხელი 2000 წელს მოაწერა, თუმცა მისი რატიფიკაცია ჯერ არ მოუხდენია.
ამგვარად, რუსეთზე, ისევე როგორც აშშ–ზე, ჩინეთზე, უკრაინასა თუ რიგ სხვა ქვეყნებზე საერთაშორისო მართლმსაჯულების იურისდიქცია არ ვრცელდება. 2014 წლის აპრილში უკრაინამ უმაღლეს რადას რეკომენდაციით მიმართა, რომ მან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საწესდებო დოკუმენტების დაუყოვნებლივი რატიფიკაცია მოახდინოს, რომელსაც ხელი 2000 წელს მოეწერა.