თბილისი, 8 ოქტპმბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობისთვის ნატო-ს წევრობა პოლიტიკურ დღის წესრიგში უმთავრეს საკითხად რჩება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის შეხვედრა ბრუისელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში შედგა. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლიმენტაციის მიმდინარეობა, ასევე ვარშავის სამიტთან დაკავშირებით საქართველოს მიზნები. განხილული იქნა რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო.
„ნატოს გენერალური მდივანს თავდაცვის მინისტრთან ერთად შევხვდით. ეს პირველი რიგში, ჩვენი მხრიდან იყო ნიშანი იმის დემონსტრირებისა, რომ ნატო საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში რჩება უმნიშვნელოვანეს საკითხად და პროგრესი ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, ასევე არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი მთავრობისთვის“, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი განმარტებით, შეხვედრაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა იმ პროგრესს, რასაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია.
„ჩვენ ვისაუბრეთ იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას, რათა მოხდეს საქართველოს შესახებ, მის მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ აზრის კონსოლიდაცია. გენმდივანმა გააჟღერა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რასაც ადგილი აქვს საქართველოში. მან აღვითქვა დახმარება, რომ მოახდენს ნატო-ს წევრ ქვეყნებში აზრის კონსოლიდაციას, რომ საქართველოს მიერ გაწეული პროგრესი, სათანადოდ იქნას აღნიშნული ალიანსის მიერ. თუ რა სახით იქნება ეს აღნიშნული — MAP-ით თუ ასე შემდეგ, ამას დრო გვიჩვენებს. რა თქმა უნდა MAP არის ლოგიკური შემდეგი ნაბიჯი, რასაც საქართველო უნდა მოელოდეს ალიანსისგან, მაგრამ ჩვენი საბოლოო მიზანია ნატო-ს წევრობაა“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
ნატო-ს უელსის სამიტზე, რომელიც 2014 წლის სექტემბერში გაიმართა, საქართველოს ღონისძიებების პაკეტი გადაეცა, რომელიც საქართველოს ალიანსის წევრად გახდომაში დაეხმარება.