თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. ჟენევის დისკუსიები კონსტრუქციულ ვითარებაში ჩატარდა. მიუხედავად მწვავე დისკუსიისა, მხარეებმა დღის წესრიგის ყველა საკითხი განიხილეს, აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ჟენევის დისკუსიები 2008 წლის ოქტომბრიდან იმართება. დღესდღეობით ეს აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და საქართველოს წარმომადგენლებისთვის დიალოგის ერთადერთი ფორმატია. დისკუსიებში ასევე მონაწილეობენ რუსეთი, აშშ, გაეროს, ეუთო და ევროკავშირი. ჟენევის დისკუსიების მორიგი, 33–ე რაუნდი 6–7 ოქტომბერს ჩატარდა.
პირველმა სამუშაო ჯგუფმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. მეორე ჯგუფმა იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების პრობლემებზე იმსჯელა.
პირველი სამუშაო ჯგუფის მონაწილეებმა საქართველოდან ყურადღება გაამახვილეს 2015 წლის ივნის–ივლისში გორის რაიონის სოფლებთან „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების — წარწერით „სამხრეთ ოსეთი“ — საკითხზე.
„აღინიშნა, რომ მავთულხლართების გავლება, ადამიანთა უკანონო დაკავებისა და გატაცების შემთხვევებიკიდევ უფრო ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების მდგომარეობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ქართულმა მხარემ განსაკუთრებული შეშფოთება გამოხატა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ბოლო პერიოდში გახშირებულ სამხედრო წვრთნებზე, ასევე სარკინიგზო ხაზის აღდგენის საბაბით აფხაზეთში რუსეთის სარკინიგზო ჯარების განლაგებაზე.
ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ ინტეგრაციის შესახებ ე.წ. „ხელშეკრულებების“ კვალდაკვალ სამხედრო, ეკონომიკური და სოციალური მიმართულებებით დამატებითი დოკუმენტების გაფორმება კიდევ ერთხელ ცხადყოფს რუსეთის მხრიდან მცოცავი ანექსიის პროცესს.
„ამ ფონზე, მონაწილეებმა საქართველოდან კიდევ ერთხელ დააყენეს რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიული ძალის მქონე ვალდებულების აღებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობის საკითხი“, – აღნიშნეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მეორე სამუშაო ჯგუფში განიხილეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა დაცვის აუცილებლობა, გადაადგილების თავისუფლება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ეკოლოგიასთან დაკავშირებული საკითხები და წყლით და გაზით მოსახლეობის უზრუნველყოფა. ხანგრძლივი დისკუსია გაიმართა გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების შეზღუდვის პრობლემატიკის ირგვლივ. ყურადღება გამახვილდა 2015-2016 სასწავლო წელს ქართული ენის ნაცვლად რუსულ ენაზე სწავლებაზე გადასვლაზე. ქართველმა მონაწილეებმა და თანა-მოდერატორებმა ხაზი გაუსვეს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფის აუცილებლობას.
„მოლაპარაკებების ფარგლებში გამოიკვეთა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ეკოლოგიის მიმართულებით, განსაკუთრებით ტყეების დაცვის კუთხით ერთობლივი ზომების გატარების პერსპექტივა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ორდღიანი დისკუსიის მსვლელობისას გაიმართა საინფორმაციო სესია „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა: პრინციპები და პრაქტიკა“. იუნესკოს ექსპერტმა მონაწილეებს საომარი მოქმედებების დროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის შესაძლებლობები გააცნო.
მონაწილეებმა საქართველოდან კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა კონსტრუქციულად განაგრძონ მოლაპარაკებები და მიიღონ შესაბამისი ზომები კონკრეტული ჰუმანიტარული პროექტების განხორციელების მიზნით, რათა ეფექტურად მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის სასიცოცხლო პრობლემების გადაწყვეტა.
ჟენევის საერთშორისო მოლაპარაკებების 34-ე რაუნდი 2015 წლის 8-9 დეკემბერს გაიმართება.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში, მას შემდეგ გაწყვიტა, რაც მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, ასევე რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილი გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს.