თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციის ოპერაცია სირიაში ტერორისტულ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის კუთხით, არის ნაბიჯი მესამე მსოფლიო ომისაკენ. ამის თაობაზე მან კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის სამხედრო ინსტიტუტის სტუდენტების წინაშე გამოსვლისას ისაუბრა.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს თითოეული ჩვენგანისთვის რუსეთის აგრესია თითქოსდა შორეულ სირიაში და რამდენად უპასუხისმგებლოა ეს ნაბიჯები, რომლებმაც მესამე მსოფლიო ომთან მიგვაახლოვა“, — განაცხადა პოროშენკომ.
რუსეთი, პრეზიდენტ ბაშარ ასადის თხოვნის საფუძველზე, 30 სექტემბრიდან ახორციელებს წერტილოვან ავიადარტყმებს „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე, რისთვისაც მოიერიშე „სუ 25"-ებს, ბომბდამშენ „სუ 24"-სა და „სუ 34"-ს იყენებს, ხოლო ჰაერიდან მათ „სუ 30СМ“ ტიპის გამანადგურებლები აზღვევენ.
თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რუსეთის ავიაციამ უკვე მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ბოევიკთა მართვის სისტემასა და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, ასევე ტერორისტ-თვითმკვლელთა მოსამზადებელ ინფრასტრუქტურას.
სამიზნეები რუსეთისა და სირიის სადაზვრევო მონაცემების საფუძველზე ირჩევა. რუსეთის სამხედრო უწყების განცხადებით, რუსული თვითმფრინავების აღჭურვილობა შესაძლებელს ხდის „აბსოლუტური სიზუსტით“ დაარტყან „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს მთელი სირიის ტერიტორიაზე.
რუსეთში სირიის ელჩმა რიიად ჰადადმა მანამდე დაადასტურა, რომ დარტყმები ზუსტად ტერორისტებზე ხორციელდება და არა ოპოზიციაზე ან მშვიდობიან მოქალაქეებზე. ელჩის თქმით, სირიის არმიისთვის ცნობილია ტერორისტთა ზუსტი ადგილსამყოფლები.