თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო მზად არის მოლაპარაკებების გზით გადაწყვიტოს სს „ყაზტრანსგაზის“ მიერ მისი შვილობილი კომპანიის შპს „ყაზტრანსგაზ — თბილისის“ მართვის საკითხი. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ განუცხადა.
საერთაშორისო იურიდიულმა ფირმამ Baker&McKenzie, სააქციო საზოგადოება „ყაზტრანსგაზის“ დაკვეთით, ქართული მხარის მისამართით გადმოაგზავნა წინასაარბიტრაჟო წერილი, წინადადებით, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები საინვესტიციო დავასთან დაკავშირებით, რომელიც სს „ყაზტრანსგაზის“ მიერ შპს „ყაზტრანგაზ —თბილისის“ მოღვაწეობაში განხორციელებულ ინვესტიციებს ეხება.
„ჩვენ ორმხრივი მოლაპარაკებების რეჟიმში ვიმყოფებით და არა ერთხელ განგვიცხადებია, რომ ენერგეტიკის სამინისტრო არ არის წინააღმდეგი კომპანიის დაბრუნებისა მისი შვილობილი კომპანიის მენეჯმენტში. იყო გარკვეული პრობლემები ფინანსთა სამინისტროსთან, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით, ეხლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, —განაცხადა კალაძემ.
შპს „ყაზტრანგაზ —თბილისი“ 2006 წელს სს „ყაზტრანსგაზის“ მიერ შეიქმნა, როცა ამ უკანასკნელსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის 2005 წლის 26 დეკემბერს, ხელი მოეწერა მემორანდუმს, თბილისისა და მისი შემოგარენის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის შესახებ.
2006 —2009 წლებში სს „ყაზტრანსგაზმა“ საერთო ჯამში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განვითარებისათვის 130 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა.
2009 წლის მარტიდან, მსხვილ საკრედიტორო დავალიანებასთან დაკავშირებით, სემეკის გადაწყვეტილებით კიმპანია „ყაზტრანსგაზ —თბილისში“ სპეციალური მმართველი დაინიშნა.
იმ დროისათვის შპს „ყაზტრანგაზ —თბილისის“ საკრედიტორო დავალიანება 80 მილიონ ლარს აღემატებოდა, რომელთაგან 68 მილიონი ლარი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წინაშე არსებული დავალიანება იყო ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით.