თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. 2015 წლის აგვისტოში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი საქართველოში 2015 წლის ივლისთან შედარებით 0,3%-ით გაიზარდა, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0,6%-ით დაეცა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის აგვისტოს თვის ყოველთვიურ მიმოხილვაში.
2015 წლის აგვისტოში, 2014 წლის აგვისტოსთან შედარებით, საქართველოში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 6%-ით შემცირდა, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი — 3,7%-ით. აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ საქარტველოში 5,4% შეადგინა. ინფალციის მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო: თურქეთში — 7,1%, რუსეთში — 15,8%, უკრაინაში- 52,8%. უფრო დაბალი იყო: აზერბაიჯანში — 4,4%, სომხეთში — 3,6%, ევროზონაში - 0,2%, აშშ-ში —0,2%.
2015 წლის აგვისტოში ლარის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებაში 2,2792 GEL/$1 დან 2,3465 GEL/$1 მდე დაეცა ანუ 2,95%-ით.
აგვისტოში საქართველოს ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონები არ გაუმართავს. სულ აგვისტოს განმავლობაში ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე ბრუნვამ 48,3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 3,1 მილიონი დოლარით (7%) მეტია, ვიდრე ივლისში. საანგარიშო პერიოდში გარიგებების რაოდენობა ბაზარზე 6%-ით გაიზარდა.