თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ავღანეთში ამერიკის სარდლობის ხელმძღვანელმა გენერალმა კემპბელმა აღიარა, რომ კუნდუზის საავადმყოფოზე დარტყმა შეცდომით განახორციელეს ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალებმა. ამის შესახებ მან აშშ-ს სენატის შეიარაღების კომიტეტს მოსმენაზე განაცხადა.
„დარტყმა ჰოსპიტალზე შეცდომით განახორციელეს აშშ-ს ძალებმა. გადაწყვეტილება დარტყმებზე მიღებულ იქნა ამერიკული სარდლობის რიგებში“, — განაცხადა მან.
კემპბელმა პირობა დადო, რომ აშშ ყოველმხრივ გამოიძიებს მომხდარ ფაქტს, რათა შემდგომში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ინციდენტები. მან ასევე განაცხადა, რომ განკარგულება გასცა ავღანეთში ამერიკელი სამხედროების დამატებით მომზადებაზე.
ორგანიზაციის „ექიმები საზღვრებს გარეშე“ ჰოსპიტალი ავღანეთის ჩრდილოეთით კუნდუზში, ნაწილობრივ დაინგრა შაბათს დილას დაბომბვის გამო. ჰოსპიტალში იმ დროისათვის 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ბოლო მონაცემებით, 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 12 ორგანიზაციის თანამშრომელი და 3 ბავშვი, ხოლო 30-მდე ადამიანი დაიჭრა.
მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ აშშ გამოიძიებს მომხდარს, თუმცა მან არ აღიარა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ავიადარტყმებზე და არ მოიბოდიშა დაღუპულთა გამო.