თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას პარტიაში განაცხადეს, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე კონსულტაციები არ ჰქონიათ.
ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლები აცხადებენ, რომ გეგმავენ ფართომასშტაბიანი კონსულტაციების დაწყებას ყველა რეალურ ოპოზიციურ ძალასთან, რასაც მასშტაბური მანიფესტაციები მოჰყვება.
„ჩვენ ვემხრობით საპარლამენტო არჩევნების კონსტიტუციურ ვადაში ჩატარებას… რათა ხელისუფლების ცვლა მშვიდობიანად მოხდეს, როგორც ეს 2012 წელს მოხდა. ასე რომ, ჯერჯერობით ჩვენ არანაირი კონსულტაცია არ გვქონია ამ საკითხთან დაკავშირებით“, — განაცხადა “თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა და საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.
გუშინ, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის სახლთან, „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის მოთხოვნით.