თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. არჩევნების ჩატარების საკითხი საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში.
საქართველოს პარლამენტში წარდგენილია საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელსაც მმართველ კოალიციაში შემავალი 81 დეპუტატი აწერს ხელს. პროექტი მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებასა და საარჩევნო ბარიერის 5%-დან 4%-მდე დაწევას ითვალისწინებს. ოპოზიცია, თავის მხრივ, მოითხოვს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და უკვე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარებას.
„არჩევნები ტარდება არა უმრავლესობისთვის, ან თუნდაც ძლიერი ოპოზიციისთვის, არამედ არჩევნები ტარდება საქართველოს მოსახლეობისთვის. ეს არის ჩემი და თქვენი უფლება, ავირჩიო ხელისუფლება. ეს არის ჩემი და თქვენი უფლება განვსაზღვროთ, ვინ იქნება მომავალი უმრავლესობა პარლამენტში, ვინ იქნება მომავალი მინისტრი და ა.შ. მე პირდად ვუჭერ მხარს, რომ ოპოზიციის ხმა იქნას გაგონილი და ოპოზიციამ უმრავლესობასთან ინტენსიური დიალოგით ჩამოაყალიბოს ერთიანი ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები“, — განაცხადა მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, საკითხი, თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები, უნდა გადაწყვიტოს საკონსტიტუციო კომისიამ, სადაც ოპოზიციის სრული სპექტრი იქნება წარმოდგენილი.
„საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება და ხელმოწერების შეგროვება დაიწყო კონსტიტუციურ ცვლილებასთან დაკავშირებით… მიმაჩნია, რომ ამ ნაწილში ხელისუფლებამ და დანარჩენმა პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა ითანამშრომლოს და ისე მივიდნენ საერთო გადაწყვეტილებამდე, თუ რა ფორმით ჩატარდება არჩევნები“, — აღნიშნა პრეზიდენტმა.
ოპოზიცია, რომელსაც პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ჩვენი საქართველო — თავისუფალი დემოკრატები“ წარმოადგენენ, მხარს უჭერს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გამართვალმდე მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას.
საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შესატანად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხელმოწერებს აგროვებენ. კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროცედურის დასაწყებად 200 ათასი ხელმოწერაა საჭირო.