თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ „რუსთავი2“-ის მხარდამჭერი აქციის მონაწილეთა წინასწარ პატიმრობაში გაგზავნით, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ახირება შეასრულა, განაცხადა ყოფილი მმართველი პარტიის ენმ-ს დეპუტატმა გივი თარგამაძემ.
„ხულიგნობის„ ბრალდებით დაკავებულნი არიან ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე, და კახა გაბუნია, იმის გამო, რომ 2 ოქტომბერს, პარლამენტის შენობასთან, საპროტესტო აქციის მსვლელობისას, მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ დეპუტატს — დავით ლორთქიფანიძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. “დღეს ჩვენ ვიხილეთ მონამ მოსამართლემ თუ როგორ გაიმეტა ეს ბიჭები. შეასრულა ბიძინა ივანიშვილის კაპრიზი და ჩასვა ისინი 2 თვე ციხეში. გუშინვე იყო გასაგები, რომ ეს საქმე გარკვეული იყო ამ მოსამართლესთან. სწორედ მისი განჩინებით დააკავეს სამივე პირი. ყველა საფუძველია ვთქვათ, რომ ეს არის მონა მოსამართლე, რომელიც ასრულებს ბიძინა ივანიშვილის კაპრიზებს. ამ ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა, მოახდინა ქვეყანაში მართლმსაჯულების უზურპაცია. ივანიშვილი ცდილობს, რუსთავი 2-ზე ზეწოლით, პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დაკავებით და მათზე ზეწოლით, გაკოტრებული და უნიათო მთავრობა შეინარჩუნოს,” – განაცხადა გივი თარგამაძემ.
ამ დროისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2-ის“ ქონება და მფლობელთა წილები დაყადაღებულია, ნაწილობრივ შეზღუდულია ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა.
ასევე დაყადაღებულია ტელეკომპანია „საქართველოს“ ქონებაც, რომელიც „რუსთავი-2“-ში 51%-იან წილს ფლობს.
ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა თვლის რომ ხალვაშის სარჩელი უსაფუძვლოა, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილება — არაობიექტური.