თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. ქართველი ჯარისკაცებისთვის საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა კარგი გამოცდილებაა, განაცხადა სამხედრო ექსპერტმა ირაკლი ალადაშვილმა სააგენტო „სპუტნიკთან“ საუბრისას.
ქართველი სამხედროები სამშვიდობო მისიებში ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014 წლის ივლისის შუა რიცხვებიდან და მალიში – 2013 წლის თებერვლიდან მონაწილეობენ. ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ (Resolute support) არასაომარ მისიაში, რომელიც ავღანეთის სამთავრობო ძალების სწავლებასა და დახმარებას ითვალისწინებს, ქართველი ჯარისკაცები 2015 წლის იანვრიდან მონაწილეობენ. გარდა ამისა, საქართველო მეოთხე ქვეყანა გახდა, რომელიც ალიანსის წევრი არ არის, მაგრამ ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს შეუერთდა.
„საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა, ერთი მხრივ, კარგი გამოცდილებაა სხვა ქვეყნების სამხედროებთან ურთიერთობებისა და ერთობლივი სამშვიდობო ოპერაციების დაგეგმვის თვალსაზრისით, თუმცა, მეორე მხრივ, ეს იმ გეგმისათვის მზადებას ამუხრუჭებს, რომელსაც იმ საფრთხეებისგან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა ეწოდება, რომელიც ჩვენს ქვეყანას ემუქრება“, – ვარაუდობს ქართველი ექსპერტი.
ირაკლი ალადაშვილის განცხადებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში 1999 წლიდან მონაწილეობენ.
„თავდაპირველად იყო კოსოვო, შემდეგ – 2003–2008 წლებში – ერაყი, ხოლო 2011 წლიდან დღემდე – ავღანეთი. ქართველი ჯარისკაცები გარკვეული პერიოდი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაშიც იყვნენ და როგორც ბოლო ინფორმაციებიდან ირკვევა, ისინი, შესაძლოა, გაეროს სამშვიდობო მისიებშიც აღმოჩნდნენ. რაც შეეხება მოტივაციას, რიგითებისა და კაპრალებისთვის ეს ფულადი ჯილდოა, რადგანაც, ვინც იმავე ავღანეთში მიდის, დამატებით სამივლინებო სახსრებს იღებს, ხოლო აქ – ხელფასი უნარჩუნდება“, – აღნიშნა ირაკლი ალადაშვილმა.