თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავღანეთში სამსახურის დროს დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურის, ვასილ ყულჯანიშვილის ოჯახს მიუსამძიმრა, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური ხუთშაბათს, 24 სექტემბერს იტყობინება.
ვასილ ყულჯანაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების 43-ე ბატალიონის IV მექანიზირებული ბრიგადის პირველი კლასის რიგითი იყო და ნატოს ერთ-ერთი მისიის შესრულებისას დაიღუპა.
„ვუსამძიმრებ შეიარაღებულ ძალებს და მთელს საქართველოს, ჩვენს ერს, ვინაიდან, ვასილი არის ჩვენი გმირი ჯარისკაცი, რომელიც გმირულად დაიღუპა ავღანეთში. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მისი სულის წინაშე“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სამძიმარზე მისული პრემიერი რამდენიმე წუთით პირადად ესაუბრა გარდაცვლილის უმცროს ძმას.
მანამდე მთავრობის მეთაურმა განკარგულება გასცა, რომ ფინანსთა სამინისტროს გამოეყო კანონით დადგენილი კომპენსაცია 100 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო თავდაცვის სამინისტრომ თავის თავზე აიღოს დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები.
ოპერაცია „მტკიცე მხარდაჭერა (Resolute Support Mission) — ნატოს არასამხედრო მისიაა ავღანეთის სამთავრობო ძალების დახმარებისა და სწავლების მიზნით, რომელიც 2015 წლის 1 იანვარს დაიწყო.
მისიამ მოქმედება ავღანეთში აშშ-ს სამხედრო ოპერაციის სტადიის დასრულების შემდეგ დაიწყო მოქმედება. 2015 წლის დასაწყისში, ქაბულში, ყანდაგარში, გერატში, მაზარი-შარიფში 12 ათასამდე კაცი განალაგეს.