თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. (ლალი ნოზაძე). ჩინელმა ღვინის მკვლევარმა, ია ოგუ ლინმა ქართული ღვინის შესახებ წიგნი „ქართული ღვინის მკვლევარი“ გამოსცა, იტყობინება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო.
ავტორმა, რომელსაც ღვინის კვლევის 13 წლიანი გამოცდილება აქვს, ნაშრომში ქართული ღვინის ტრადიციები და საქართველოს ეროვნულ-კულტურული ღირებულებები წარმოაჩინა. მკვლევარის თქმით, სამწუხაროა, რომ იგი ქართული ღვინით ადრე არ დაინტერესდა, რადგან დარწმუნებულია, რომ ვაზის სამშობლო საქართველოა, სადაც ღვინის წარმოების უძველესი ტრადიცია იღებს სათავეს.
„მაქსიმალურად ვცდილობ, ჩინეთის მოსახლეობას ქართული ღვინის კულტურა გავაცნო. ამიტომ დავწერე წიგნი, რომელიც 30 ათასზე მეტი ტირაჟით გამოვიდა და ჩინეთის ყველა პროვინციაში გავრცელდება“,- აღნიშნა მკვლევარმა ია ოგუ ლინმა.
აღსანიშნავია, რომ ჩინელი მკვლევარი ია ოგუ ლინი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქართული კულტურის გაცნობისა და პოპულარიზაციის მიზნით, 15-26 სექტემბერს ჩინური მედიის 28 წარმომადგენლისთვის გამართულ მედიატურში მონაწილეობდა.
ამ ტურის ფარგლებში ძირითადი ყურადღება ღვინის ტურიზმს მიექცა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაღრმავების შედეგად ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი 60 %-ით გაიზარდა და მილიონ 185 ათას 821 ბოთლი შეადგინა.
„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს შეცნობისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების კუთხით, მსგავს ღონისძიებებს ჩინეთის მოსახლეობისთვის საქართველოს ისტორიულ-კულტურული ღირებულებების, ქართული ღვინისა და სამზარეულოს უკეთ გასაცნობად დიდი მნიშვნელობა აქვს“, — ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.