თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. (სოფო კაკაჩია) 2-3 ოქტომბერს ხობში მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი „სიმღერა სამეგრელოზე“ გაიმართება. ფესტივალი ამჯერად ლეგენდარულ ანსამბლ „რუსთავს“ და მომღერალ თამარ გვერდწითელს მასპინძლობს. ფესტივალში რეგიონების ფოლკლორული ანსამბლები და საესტრადო მომღერლები: ელენე ფოჩხუა, სოფო გელოვანი, ნინო ბაშარული, ნოდიკო ტატიშვილი, გიორგი სუხიტაშვილი და ლევან მასპინძელაშვილის ბენდი მიიღებენ მონაწილეობას.
ფესტივალის მსვლელობისას სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი წიგნებისა და კომპაქტ-დისკების პრეზენტაცია გაიმართება: ანსამბლ „რუსთავის“ ანთოლოგიისა და 16 დისკად აკინძული — ანსამბლის მიერ ნამღერი — 380 ქართული სიმღერა; თამარ გვერდწითელის აუდიო ალბომი, რომელშიც 12 ქართული, ხუთი საავტორო და უცხო ენაზე ნამღერი სიმღერაა შესული; ასევე, პატრიარქის მიერ შექმნილი საგალობელი „ალილუია“; აგრეთვე წარმოდგენილი იქნება ხობელი ნინო გოთოშიასა და ანსამბლ „რუსთავის“ ალბომი, რომელიც 11 მეგრულ სიმღერას აერთიანებს; კატალოგი-ალბომი „ხობის ფესტივალის საგანძური“. ამ უკანასკნელში თავმოყრილია ყველა ის გამოცემა, რომელიც ფესტივალის ეგიდით განხორციელებულა.
3 ოქტომბერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ცხრა მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ხობის თეატრის მიმდებარე ხეივანში ეთნო-კუთხეს მოაწყობს. სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ: რეწვის ნიმუშებს, მხატრულ ტილოებს, ხელოვნების ოსტატებსა და ტრადიციულ კუთხურ სამზარეულოს. რაიონში ჩამოსული სტუმრებისთვის გაიმართება ექსკურსიები, გამოცემების პრეზენტაცია, საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება. ხეთის თეატრონზე გალა-კონცერტი —სახელწოდებით „მრავალჟამიერ საქართველოსთვის“- ჩატარდება.
ხობის მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი 2 ოქტომბერს, 20:00 საათზე ხობის ცენტრში გაიხსნება. ფესტივალს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან. საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორები არიან: საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ხობი“, ბიზნესმენი გოდერძი ბუკია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო.
ფესტივალი „სიმღერა სამეგრელოზე“ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ტარდება.