დედაქალაქში მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ მიმდინარეობს

გამოწერა
ფესტივალის ფარგლებში, რომელიც 24 ოქტომბრამდე გასტანს, თბილისის ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სცენაზე, 9 კონცერტი გაიმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული მუსიკოსების მონაწილეობით.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“, გაიხსნა თბილისში 20 სექტემბერს. ამის შესახებ თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრი იტყობინება. 

 ფესტივალის ფარგლებში, რომელიც 24 ოქტომბრამდე გასტანს, თბილისის  ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სცენაზე 9 კონცერტი გაიმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული მუსიკოსების მონაწილეობით. 

 „ფესტივალის პროგრამა მეტად მრავალფეროვანია და აერთიანებს კლასიკური მუსიკის, ფოლკლორისა და ჯაზის კონცერტებს. უნდა აღინიშნოს, რომ ფესტივალის კლასიკური ნაწილი ყოველთვის გამოირჩევა სხვადასხვა ჟანრისა და სტილის მუსიკალური შედევრების სიმრავლით. გარდა ამისა ფესტივალი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამედროვე ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებისა და ქართული ტრადიციული მუსიკის წარმოჩინებას”, — ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 სპეციალურად „შემოდგომის თბილისისათვის“ საქართველოს დედაქალაქში ჩამოვა ცნობილი ქართველი პიანისტი ალექსანდრე თორაძე (აშშ), ცნობილი პიანისტი რამზი იასა (ეგვიპტე), პიანისტები ანდრეა ბონატა (იტალია) და ოლივერ პული (დიდი ბრიტანეთი), ასევე დირიჟორები ზვონიმირ ხაკო (აშშ-ხორვატია) და ამოს ტალმონი (ისრაელი). 

 ფესტივალზე გაჟღერდება პროკოფიევის, ბეთჰოვენის, შოპენის, სტრავინსკისა და სხვათა მუსიკა. 

კანადელი პიანისტი და მომღერალი დაიანა კროლი - Sputnik საქართველო
შემდგომაზე თბილისში ჯაზის ვარსკვლავი დაიანა კროლი ჩამოდის

 „შემოდგომის თბილისზე“ ჯაზს შეასრულებენ ვოკალური სექსტეტი The Quintessence  და Georgian Six, კვარტეტი Four Faces და „საქართველოს ჯაზ-სექსტეტი“.

 ფესტივალის ფარგლებში ასევე შედგება  გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის სულხან ცინცაძის 90 წლის იუბილე, რომელიც დაასრულებს საფესტივალო პროგრამას და მასზე წარმოდგენილი იქნება უნიკალური სიმებიანი კვარტეტები და მუსიკა კინოფილმებიდან. 

 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “შემოდგომის თბილისი” დაფუძნდა 1993 წელს კახიძის  თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის, თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და ქალაქ თბილისის მერიის მიერ. ფესტივალის სულის ჩამდგმელი გახლდათ მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი დირიჟორი ჯანსუღ კახიძე. მისი ჩანაფიქრი იყო დაეარსებინა საერთაშორისო დონის ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი, რომელიც საქართველოში არსებულ საკონცერტო ცხოვრების მდიდარ ტრადიციებს ააღორძინებდა. თავისი არსებობის მანძილზე „შემოდგომის თბილისი“ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და პოპულარულ მუსიკალურ მოვლენად იქცა. გარდა ამისა, ფესტივალს უკვე კარგად იცნობენ საქართველოს ფარგლებს გარეთ – ბევრი სოლისტი თუ მუსიკალური კოლექტივი იჩენს მასში მონაწილეობის სურვილს.


ყველა ახალი ამბავი
0