თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებების საკითხზე საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი შესწორებების საყოველთაო განხილვა დაიწყო.
საქართველოს პარლამენტს კოალიცია „ქართული ოცნების“ 81 დეპუტატის ხელმოწერილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი წარედგინა. პროექტი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებასა და საარჩევნო ბარიერის 5%–იდან 4%–მდე დაწევას ითვალისწინებს.
საქართველოს კონსტიტუციის თნახმად, საპარლამენტო არჩევნები პროპორციული (77 დეპუტატი) და მაჟორიტარული (73 დეპუტატი) სისტემით ტარდება.
ოპოზიცია, თავის მხრივ, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას მოითხოვს.
საქართველოს საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შესატანად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა 22 სექტემბერს ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ამ პარტიათაგან ათი არასაპარლამენტო და ორი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიაა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და „თავისუფალი დემოკრატები“.
საქართველოს კონსტიტუციაში შესწორებების შეტანის პროცედურების დასაწყებად 200 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერაა საჭირო. ხელმოწერები პარლამენტს წლის ბოლომდე უნდა წარედგინოს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 28 მაისს არაკონსტიტუციურად ცნო საარჩევნო კოდექსის ნორმა, რომელიც ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების რაიონების რაოდენობიდან გამომდინარე გადანაწილების პრინციპს ეხება. როგორც სასამართლოში განმარტეს, საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო ოლქები რაიონებს მექანიკურად ისე დაუკავშირა, რომ რაიონებში დარეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა არ გაითვალისწინა.
საარჩევნო კოდექსის 110–ე მუხლის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისთვის 73 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი იქმნება.