რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და ადამიანთა უფლებების საბჭოს კრებაზე სირიაში საჰაერო შეტევისას მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
პუტინმა მედიაში რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების ქმედებების შედეგად მოსახლეობას შორის არსებული მსხვერპლის შესახებ გავრცელებულ შეტყობინებას ინფორმაციული შეტევა უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია მანამდე გავრცელდა, სანამ რუსული თვითმფრინავები აფრინდებოდა.
"რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ სხვადასხვა ინფორმაციებს იმის შესახებ, რომ მოქალაქეები ზარალდებიან,
ჩვენ ამ საინფორმაციო შეტევებსათვის მზად ვართ. თქვენს ყურადღებას ვამახვილებ იმაზე, რომ პირველი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამოქალაქო პირებს შორის იყო მსხვერპლი, ჩვენი თვითმფრინავების აფრენამდე გავრცელდა", — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ სხვა ქვეყნები სირიის ტერიტორიას უკვე წელიწადზე მეტია უტევენ, და ეს ქმედებები "გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციისა და სირიის ოფიციალური ხელისუფლების შესაბამისი მოთხოვნის გარეშე" მიმდინარეობს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ სირიაში რუსული თავითმფრინავების შეიარაღება სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტების წინააღმდეგ და მათ სიახლოვეს არ გამოყენებულა, ყველა შეტევა სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებზე განხორციელდა მას შემდეგ, რაც სირიის არმიის შტაბის მიერ საჰაერო დაზვერვა ჩატარდა და მონაცემები დაზუსტდა.