თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება არა მხოლოდ „რუსთავი 2“–ს, არამედ თავისუფალ მედიას ებრძვის, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, „რუსთავი 2“–ის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის შუამდგომლობის საფუძველზე, შპს "ტელეკომპანია საქართველოს“ ქონება დააყადაღა, რომელიც საქართველოს ერთ–ერთი წამყვანი ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის 51%–იან წილს ფლობს.
„ეს შეტევა არა მარტო „რუსთავი 2“–ის, არამედ საქართველოს მომავლის წინაღმდეგ არის მიმართული. ამ გადაწყვეტილების ავტორი ბიძინა ივანიშვილია… ხელისუფლება, რომელიც ასეთ ბრძოლაზე მიდის, განწირულია მარცხისთვის. ეს არის გასაიდუმლოებული ტერორისტული ტიპის თავდასხმა „რუსთავი 2“-ზე, სადაც ყველასთვის ყველაფერია ცნობილი გარდა იმისა, ეს ვისაც ეხება,"- განუცხადა წიკლაურმა ჟურნალისტებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება „რუსთავი 2“–ის ყოფილი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის მიერ შუამდგომლობის წარდგენის შემდეგ მიიღო, რომელიც საჯარო რეესტრიდან მიღებულ დოკუმენტს ეყრდნობა. დოკუმენტი ადასტურებს, რომ 29 სექტემბერს „რუსთავი 2“–ის 22%–იანი წილის მფლობელმა ლევან ყარამანაშვილმა შპს "ტელეკომპანია საქართველოს“ მფლობელ დიმიტრი ჩიქოვანთან 100%–იანი წილის 400 ათას აშშ დოლარად გაყიდვის შესახებ შეთანხმება გააფორმა.
ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის მიუხედავად, ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ის ქვეყანას ისევ მართავს, ოღონდ ამჯერად კულისებიდან. ივანიშვილმა დააარსა ამჟამად მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ და ის 2012–2013 წლებში ქვეყნის პრემიერ–მინისტრი იყო.