დასავლეთმა სირიაში რუსეთის ავიადარტყმები უხალისოდ მოიწონა

© photo: Sputnik / Денис Евстафьев / გადასვლა მედიაბანკშიСу-24
Су-24 - Sputnik საქართველო
გამოწერა
დასავლეთი თავშეკავებით მიესალმა რუსეთის გადაწყვეტილებას სირიაში „ისლამური სახელმწიფოსთვის“ ავიადარტყმების მიყენების შესახებ. აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, უარი თქვას ბაშარ ასადის მხარდაჭერაზე.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. გაეროში, სადაც ჯერ ისევ მიმდინარეობს გენერალური ასამბლეის სესია, რუსეთის მიერ ოთხშაბათს, დილაადრიან გამოცხადებული შეტევა „ისლამურ სახელმწიფოზე", №1 ამბად იქცა. 

ვიღაცისთვის ეს შესაძლოა სიურპრიზი იყო, ვიღაცისთვის — არა, მაგრამ მთლიანობაში შეიქმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ მოსკოვის პარტნიორები რაღაც ასეთისთვის მზად იყვნენ. რეაქცია საკმაოდ თავშეკავებული იყო — დასავლეთი, რა თქმა უნდა, სულაც არ აღფრთოვანებულა „მათ მინდორზე“ ახალი მოთამაშის გამოჩენით, მაგრამ ამის გადაფარვა არაფრით ხერხდებოდა. 

სირია გაეროს უშიშროების საბჭოში 

ძირითადი მოედანი, სადაც ამ საკითხის განხილვა მიმდინარეობდა — ეს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გახლდათ, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თავმჯდომარეობდა. ღონისძიების თემად ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში ტერორისტულ საფრთხეებთან ბრძოლა იყო გაცხადებული. რეგიონში არსებული ვითარების სერიოზულობიდან გამომდინარე, რუსეთმა ღონისძიებაზე ბევრი ისეთი ქვეყანა მიიწვია, რომლებიც უშიშროების საბჭოს წევრები არ არიან. მათ შორის, როგორც რეგიონული ქვეყნები: ყატარი, ქუვეითი, ლიბანი, ლიბია, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ეგვიპტე, ისრაელი, ერაყი და ირანი, ისე ტერორიზმთან მებრძოლი სხვა სახელმწიფოებიც, კერძოდ, გერმანია და  ნიდერლანდები. სხდომას ესწრებოდნენ ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, როგორებიცაა ევროკავშირი და ეუთო. 

მოკლედ, მინისტრების დონეზე ბევრმა მოიყარა თავი. რაღაც დროის მანძილზე არ ჩანდა ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი. და სანამ ის არ ჩანდა, დაახლოებით ორი საათის განმავლობაში, ვაშინგტონს სხდომაზე გაეროში აშშ–ის მუდმივი წარმომადგენელი სამანტა პაუერი წარმოადგენდა. მას თითქოს ნაკლებად აინტერესებდა, რაც ირგვლივ ხდებოდა — ამერიკელი დიპლომატი მობილურ ტელეფონში ცხვირჩარგული იჯდა და მესიჯს თუ წერილს წერდა. 

ამასობაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სხდომა გახსნილად გამოაცხადა. სიტყვა მან ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში არსებული ვითარების საერთო შეფასებით დაიწყო. ლავროვის თქმით, რეგიონში ვითარება იმდენად სერიოზულია, რომ მისი ნორმალიზება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ საერთაშორისო საზოგადოება ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივად და ჰარმონიულად იმოქმედებს. 

„დღეს ჩვენ უშიშროების საბჭოს წევრებს ასეთი რეზოლუციის პროექტს წარვუდგენთ. ის საბჭოს მიერ წარსულში მიღებულ დოკუმენტებს ეფუძნება, რომლებიც, თავის მხრივ, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების საფუძველზე, ჰარმონიულ კონტრტერორისტულ ქმედებებზეა აგებული“, —  განაცხადა რუსმა მინისტრმა. 

მან ასევე მხარი დაუჭირა წინადადებას „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა და მის დამოუკიდებელ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობის თაობაზე. ახლა ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთის ზოგი ქვეყნა ასეთ ნაბიჯზე უარს აცხადებს, ვინაიდან „ისლამურ სახელმწიფოს“ კვლავინდებურად „ალ–ქაიდას“ ნაწილად მიიჩნევენ. 

„აუცილებლად მიგვაჩნია „ისლამური სახელმწიფოს“ გაეროს უშიშროების საბჭოს ანტიტერორისტული სასანქციო სიიდან ცალკე ფიგურანტად გამოყოფა. ამ საკითხის მოგვარების დაყოვნება კონტრპროდუქტიული ხდება ჩვენი ორგანიზაციის კონტრტერორისტული ეფექტურობის თვალსაზრისით“, — აღნიშნა ლავროვმა. 

მან „ისლამურ სახელმწიფოზე“, უცხოელ ბოევიკ–ტერორისტებზე, ექსტრემიზმთან ბრძოლაზე განაგრძო საუბარი და სიტყვით გამოსვლისას მხოლოდ შუა ნაწილში ახსენა მთავარი. „30 სექტემბერს, სირიის ხელმძღვანელობის მომართვის პასუხად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფედერაციის საბჭოსგან მოითხოვა და მიიღო თანხმობა რუსეთის შეიარაღებული ძალების სირიის არაბულ რესპუბლიკაში გამოყენების თაობაზე. საუბარია მხოლოდ რუსეთის საჰაერო ძალების ოპერაციაზე   სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე ავიაიერიშების მისატანად“, — ჩვეულებრივი ტონით განაცხადა ლავროვმა. 

„ჩვენ ამის თაობაზე ვაცნობეთ შეერთებული შტატების ხელისუფლებას და ამერიკის მიერ შექმნილი კოალიციის სხვა წევრებსაც და მზად ვართ ჩამოვაყალიბოთ მუდმივი არხები ტერორისტულ დაჯგუფებებთან მაქსიმალურად ეფექტური ბრძოლის უზრუნვველსაყოფად“, — დაამატა მან. 

დასავლეთი კიდეც მიესალმება და კიდეც ფრთხილობს

ლავროვის დასავლელ კოლეგებს ამ განცხადებაზე სხვადასხვაგვარი რეაგირება ჰქონდათ. ჩანდა, რომ სირიაში რუსეთის სამხედრო მონაწილეობის დაშვება არ სურდათ, მაგრამ წონადი საწინააღმდეგო არგუმენტების პოვნა ვერ მოასწრეს. ამიტომაც იძულებულები გახდხნენ, თავშეკავებულად მისალმებოდნენ ლავროვის განცხადებას. 

ჯონ კერიმ, მაგალითად, იმედი გამოთქვა, რომ რუსეთს ნამდვილად გულწრფელად სურს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა და სულაც არ მისდევს სხვა მიზნებს. „ამერიკის შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ალ–ქაიდასთან“ დაკავშირებული ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლის ნებისმიერ გულწრფელ მცდელობას, განსაკუთრებით კი დაჯგუფება „ან–ნუსრასთან“ თუ რუსეთის  ბოლო ნაბიჯები ამ ორგანიზაციის განადგურების გულწრფელ სურვილს ასახავს“, — განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა. 

ამასთან მან მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს სირიის ახლანდელი ხელისუფლებისა და პრეზიდენტ ბაშარ ასადის მხარდაჭერა. „სირიაში სამოქალაქო ომზე პასუხი არ მოიძებნება ასადთან სამხედრო ალიანსის შექმნის გზით. მაგრამ მჯერა, რომ პასუხის მოძებნა შესაძელებელია ფართო დიპლომატიური ინიციატივების გზით, რომლებიც მიამრტული იქნება პოლიტიკური გადასვლის შესახებ მოლაპარაკებებისკენ“, — აღნიშნა ჯონ კერიმ. 

სირიაში რუსეთის სამხედრო–კოსმოსური ძალების ოპერაციების დაწყების თაობაზე ასეთივე შეფასებები გააკეთა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰამონდმა. 

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ შევიტყეთ, რომ რუსეთს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ძალის გამოყენება სურს.  ჩვენ მივესალმებით ამ მიზანს. თუმცა იმ მიზეზთა გამო, რომლებზეც უკვე ვისაუბრე, შეუძლებელია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური ნაწილიც იყო და იმავდროულად იგივე საშუალებებით თავს ესხმოდე ზომიერ ოპოზიციონერებს, რომლებიც ასადის რეჟიმს ებრძვიან. პირდაპირ გეტყვით, რეჟიმის მხარდაჭერა ვერ უთავსდება სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას. ეს პრაგმატული შეფასებაა და არა მორალური“, — თქვა მან. 

არც ფრანგული დიპლომატიის ხელმძღვანელმა, ლორან ფაბიუსმა გამოხატა განსაკუთრებული სიხარული უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. „რაც შეეხება ავიადარტყმებს, ჩვენ აუცილებლად უნდა გადავამოწმოთ, ნამდვილად იყო თუ არა ისინი მიმართული ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ. თუ ეს ასეა, მაშინ მივესალმები ამას“, — თქვა მან.   

მინისტრმა ის სამი პირობა ჩამოთვალა, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებადაა აუცილებელი. „მივესალმებით ყველას, ვისაც სურს შემოგვიერთდეს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში. პირველი პირობა: დარტყმები მიმართული უნდა იყოს მხოლოდ „ისლამური სახელმწიფოსა“ და ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ“, — განაცხადა ფაბიუსმა და დაამატა, რომ „აუცილებლად უნდა გადამოწმდეს, რამდენად შეესაბამება ამ პირობას რუსეთის მიერ დღეს განხორციელებული ავიადარტყმები“. 

რუსეთი და აშშ კავშირზე იქნებიან

სირიაში მოვლენების შემდგომი განვითარება, აშკარაა, რომ რუსეთისა და აშშ-ის ორმხრივი კონტაქტებით განისაზღვრება. სამიტამდე დიდი დიპლომატიური სამუშაო ჩატარდა, რომელიც არც უმაღლეს დონეზე ორმხრივი შეხვედრის შემდეგ შეწყვეტილა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ლავროვმა და კერიმ მოლაპარაკებათა სამი სრულფასოვანი რაუნდი გამართეს, ერთხელ კი ტელეფონით ისაუბრეს. და ამას შედეგები გამოიღო. „როგორც პუტინისა და ობამას შეხვედრამ აჩვენა, ორივე მხარეს ესმის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობა. მათ შორის, რაღა თქმა უნდა, სირიის საკითხშიც“, — განაცხადა ლავროვმა. 

კერიმ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ისა და რუსეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელებმა მოილაპარაკეს, ერთად მოძებნონ გამოსავალი სირიის კრიზისიდან. „უკიდურესად მნიშვნელოვანია მოიძებნოს გამოსავალი ამ კონფლიქტიდან და ასევე თავი ავარიდოთ მის ნებისმიერი სახით ესკალაციას, მის ინტენსიფიკაციას იმ ძალების მიერ, რომლებსაც არცერთი მხარე არ აკონტროლებს“, — თქვა მან. 

პეტრე მამრაძე - Sputnik საქართველო
მამრაძე: რუსეთი სირიის კონფლიქტში არ ჩაეფლობა

მოსკოვსა და ვაშინგტონს, კერის თქმით, უკვე აქვთ შეხების რამდენიმე წერტილი. „ჩვენ ვაცნობიერებთ: აუცილებლად უნდა მოვახერხოთ, რომ სირია დემოკრატიულ, ერთიან და საერო სახელმწიფოდ დარჩეს. ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, ვიმუშავებთ ამ მიმართულებით და ვიქნებით კავშირზე“, — თქვა კერიმ და ლავროვთან შეხვედრა კონსტრუქციულ შეხვედრად შეაფასა. 

მაგრამ იმის თქმა, რომ შეთანხმება ყველაფერზე მოხდა, არ შეიძლება. „ჩვენ ვიმსჯელეთ პოლიტიკური პროცესის სტაბილიზაციის კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებზე, გვინდა, რომ სირია დემოკრატიულ, ერთიან და უსაფრთხო სახელმწიფო გახდეს, სადაც ყველა კონფესიური ჯგუფის უფლებებს პატივით მოეპყრობიან, რომელთა უფლებებიც სახელმწიფოს მხრიდან იქნებოდა გარანტირებული. ამ კუთხით ჩვენ უთანხმოება გვაქვს და უთანხმოება დეტალებშია“, — განაცხადა ლავროვმა. 

მან ასევე კომენტარი გააკეთა დასავლეთის ქვეყნების შფოთვაზე, რომელიც რუსეთის ავიაციის მიერ ბაშარ ასადის ზომიერი ოპოზიციის დაბომბვას ეხებოდა. „ჩვენი სამხედრო-საჰაერო ძალები სირიაში ადგილობრივ არმიასთან ერთად მუშაობენ მხოლოდ და  მხოლოდ იმ სამიზნეებზე, რომლებიც “ისლამურ სახელმწიფოს“ უკავშირდება“, — ხაზგასმით აღნიშნა რუსმა მინისტრმა. 

ამასთან მან ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ როცა რუსეთს რამეში ადანაშაულებენ, არც აშშ და არც მისი მოკავშირეები მტკიცებულებებს არ წარადგენენ ხოლმე და ასეა ახლაც. „ჩვენი ამერიკელი პარტნიორები შფოთავენ, რომ თითქოს ეს ის სამიზნეები არ იყო. მათ გაგვიზიარეს საკუთარი ეჭვები და გვარწმუნებდნენ, რომ მტკიცებულებებიც ჰქონდათ. მოვითხოვეთ მათი წარმოდგენა, რადგან ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენს სამიზნეებზე. კიდევ ერთხელ ვამბობ: თავდაცვის სამინისტროს საიტზე ყველაფერი განმარტებულია. მიდის საუბრები იმის შესახებ, რომ ჩვენი ავიადარტყმების შედეგად ვიღაც სამოქალაქო პირები დაშავდნენ, მაგრამ ჩვენ ასეთი მონაცემები არ გვაქვს. ჩვენ ძალიან ყურდარღებით ვაკვირდებით იმას, რომ წერტილოვანი დარტყმები იყოს წერტილოვანი, რომ სამიზნეები მხოლოდ და მხოლოდ შეიარაღებული ტერორისტული ჯგუფების პოზიციები და ობიექტები იყოს“, — დაასკვნა ლავროვმა. 

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ თქვა, რომ განცხადება, თითქოს რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების ავიადარტყმებს სირიის მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა — ეს საინფორმაციო ომის ნაწილია. განცხადებას, რომ რუსეთის ავიაცია ჰომსას რაიონს უტევდა, ოფიციალური დადასტურება არ მოჰყოლია. ამას გარდა, ოთხშაბათს კოალიციის ავიაციაც უტევდა სირიაში “ისლამურ სახელმწიფოს“. პენტაგონის თავმა ეშტონ კარტერმა არ დაადასტურა სირიის ოპოზიციის განცხადება, რომ თითქოს რუსულ ავიადარტყმებს მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათს ისიც განაცხადა, რომ რუსეთის თვითმფრინავების შეიარაღება არ გამოყენებულა არც სირიის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით და არც მათ სიახლოვეს. ყველა დარტყმა მიმართული იყო „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ და ისინი მხოლოდ საჰაერო დაზვერვისა და სირიის არმიის შტაბთან მონაცემების დაზუსტების შემდეგ ხორციელდებოდა.  

 

 

 


ყველა ახალი ამბავი
0