თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. რუსეთის ფედერაციის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის შეიარაღებული ძალების სირიის ტერიტორიაზე გამოყენების თაობაზე, შესაძლოა, წარუმატებელი გამოდგეს, მიაჩნია სტრატეგიის მართვის ინსტიტუტის დირექტორს, ყოფილ დეპუტატ პეტრე მამრაძეს.
რუსმა სენატორებმა ოთხშაბათს ერთხმად დაუჭირეს მხარი პრეზიდენტ პუტინის წინადადებას რუსეთის შეიარაღებული ძალების საზღვარგარეთ გამოყენების თაობაზე. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ივანოვმა განმარტა, რომ საკითხი ეხება სირიას, რომლის პრეზიდენტმაც ვლადიმირ პუტინს სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა. ივანოვმა ხაზი გაუსვა, რომ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო საჰაერო ძალების ოპერაციაზე, სახმელეთო ჯარების გამოყენება გამორიცხულია.
„მიმაჩნია, რომ ეს მცდარი გადაწყვეტილებაა მსოფლიოში შექმნილი ფონისა და ასევე ასადის რეჟიმის რაობის ცოდნის გათვალისწინებით, რომლის ანტიჰუმანურმა ქმედებებმა შექმნა კიდეც სამოქალაქო ომის სიტუაცია სირიაში, რასაც უკვე მოჰყვა 300 ათასი ადამიანის სიკვდილი. ეს განპირობებული იყო ასადის დიქტატორული მისწრაფებებითა და ქმედებებით. ვფიქრობ, რომ კონცეფცია ასადისთვის დახმარების აღმოჩენის თაობაზე, წარუმატებელი იქნება“, — მიაჩნია მამრაძეს.
ერთი საქმეა, როცა კოალიცია „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვის და სხვა, როცა ამ ბრძოლის ფარგლებში მახვილი ლეგიტიმური მთავრობის მხარდაჭერასა და დაცვაზე კეთდება, აღნიშნა მამრაძემ და დაამატა, რომ მოცემულ შემთხვევაში სწორედ, ეგრეთ წოდებულ, კანონიერ რეჟიმს მივყავართ ტერორისტულ და რადიკალურ ძალებამდე.
„ამჯერად, ვფიქრობ, რომ რუსეთი არ ჩაეფლობა ამ კონფლიქტში, ამის ძალები აღარც აქვს. ამიტომ მიმაჩნია, რომ რუსეთი მხოლოდ ზოგადი პიარით შემოიფარგლება და ასადი ვერ მიიღებს რეალურ დახმარებას. მახსოვს, რომ როცა სირია ისრაელს ეომებოდა, სირიაში მნიშვნელოვანი სამხედრო ძალები გაიგზავნა. მაშინ საბჭოთა ჯარისკაცები საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ, რაც ძალზე სამწუხაროდ დამთავრდა. ძალიან ბევრი სამხედრო დაიღუპა, მათ შორის, უმაღლესი რანგის ოფიცრები და გენერლები. ამჯერად ყველაფერი უფრო სწარფად მოხდება“, — დარწმუნებულია მამრაძე.