თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. ყოფილი მაღალჩინოსნების შეწყალების საკითხი არ იქნება განხილული პოლიტიკურ კონტექსტში, განაცხადა საქრათველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფორდჰემის უნივერსიტეტში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე.
ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა შესაძლოა შეიწყალოს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და თბილისი ყოფილი მერი გიგი უგულავა, რომლებიც სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეში არიან ბრალდებულნი.
„მე ვიცი, რომ ეს საკითხი განიხილება საქართველოში, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა ერთ მნიშვნელოვან მომენტს: შეწყალების მექანიზმი არის სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ჰუმანურობისა იმ ადამიანების მიმართ, ვინც დაარღვია კანონი და იქნა დასჯილი კანონის დარღვევისათვის. ამ თვალსაზრისით, მე მანამდეც ძალიან მტკიცედ ვიცავდი შეწყალების ჰუმანურ ნაწილს და არაფრის დიდებით არ ვუშვებდი და არც მომავალში დავუშვებ შეწყალების მექანიზმის განხილვას რაიმე პოლიტიკურ კონტექსტში. შეწყალების მექანიზმი არ არის პოლიტიკური საკითხების, პოლიტიკური სამართლიანობის ან უსამართლობის გადაწყვეტის საკითხები. ასე რომ, შეწყალების მექანიზმი იყო და რჩება ჰუმანურ ფუნქციად სახელმწიფოსი და მე მინდა ეს კარგად ესმოდეს ყველა იმ პოლიტიკოსს, რომლებიც ცდილობენ, რომ შეწყალების მექნიზმი განიხილონ პოლიტიკური დისკუსიის ნაწილად. ეს ასე არ მოხდება“, — განაცხადა მარგველაშვილმა.
მანამდე ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების შეწყალება განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ადგილს ისტორიაში. მისი აზრით, მარგველაშვილის წესიერების განმსაზღვრელი კრიტერიუმი შეწყალების აქტზე ხელის მოწერა-არმოწერა იქნება.