სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების შესახებ ვიდეოკადრები გავრცელდა

© photo: Sputnikპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი ბაბუნაშვილის მიერ გასაჯაროებულ ვიდეოკადრებში პოლიციის თანამშრომლების მხრიდან დაკავებულის ცემის ფაქტია დაფიქსირებული.

თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. საპატრულო პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა გიორგი ბაბუნაშვილმა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ამსახველი ვიდეო გამოქვეყნა. ინფორმაციას ამის შესახებ ქართული მედიასაშუალებები ავრცელებენ.

ერთ–ერთ ვიდეოჩანაწერში საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის ლევან იზორიას ძმა ჩანს, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაშია და სპეციალური საშვის საშუალებით სასჯელს არიდებს თავს. მეორე ვიდეოში დაფიქსირებულია თუ როგორ აჩერებს შემოწმების მიზნით ბაბუნაშვილი საქართველოს პროკურატურის კუთვნილ ავტომობილს და უშვებს მას, რადგანაც ავტომობილის მძღოლი – საპროკურორო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ნათია მეზვრიშვილი – მას სპეცსაშვს უჩვენებს.

სასამართლო - Sputnik საქართველო
საქართველოს შსს–ს ყოფილ თანამშრომლებს ქონების უკანონოდ ჩამორთმევა ედებათ ბრალად

საქართველოს კანონმდებლობით, სპეცსაშვის მფლობელს უფლება აქვს დამალოს საკუთარი ვინაობა, ის არ უნდა გაჩხრიკონ ან შეამოწმონ.

ყოფილი პოლიციელი ბაბუნაშვილი ასევე ირწმუნება, რომ სპეცსაშვები კანონის დარღვევით ასევე მაღალჩინოსნების ნათესავებზეც გაიცა, ხოლო შსს–ს თანამშრომლები მას პირადი მიზნებისთვისაც იყენებდნენ.

ამ ვითარებაზე კომენტარი შს მინისტრმა, საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა და საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა გააკეთეს.

„ეს საშვები სრულიად გასაიდუმლოებული ბრძანების საფუძველზე, 2009 წლიდან გაიცემა და მისი რეგულაციები ბურუსითაა მოცული. ჩვენ უკვე მოვამზადეთ ბრძანების პროექტი, რომლის თანახმადაც ამ პროცესის ადმინისტრირება გამარტივდება“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა, თავის მხრივ, პირობა დადო, რომ კანონის ყველა დამრღვევი, მათ შორის თავისი მოადგილეც, დაისჯება.

„ვინმემ თუ კანონი დაარღვია და უფლებამოსილებას გადააჭარბა, ის აუცილებლად დაისჯება. ზუსტად თქმა არ შემიძლია, რადგანაც გამოძიება ახლა დაიწყო. რომ ვიცოდეთ, რა და როგორ, გამოძიებას არ დავიწყებდით. თუ ვინმემ კანონი დაარღვია, დაისჯება, იქნება ეს ჩემი მოადგილე თუ დეპარტამენტის უფროსი“, – აღნიშნა გომელაურმა.

მთავარმა პროკურატურამ მეზვრიშვილის მიერ სპეცმოწმობის გამოყენების ფაქტი უკვე უარყო.

„როგორც დეპარტამენტის თავმჯდომარეს, მეზვრიშვილს სპეცსაშვის გამოყენების უფლება აქვს, მაგრამ ეს დოკუმენტი მას არასდროს ჰქონია და ამიტომ მისი გამოყენება არ შეეძლო. მაგრამ როგორც დეპარტამენტის თანამშრომელს, მას დაბურულმინებიანი ავტომობილით გადაადგილება შეეძლო“, – განაცხადა საზოგადოებასთან ურთიერთობების განყოფილების უფროსის მოადგილემ ნათია სუხიაშვილმა.

გიორგი ბაბუნაშვილმა ასევე გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ სცემენ პოლიციის თანამშრომლები დაკავებულს.

ბაბუნაშვილის თქმით, საუბარია „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდზე, როდესაც შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე იყო.

სკანდალური ვიდეოკადრები ბაბუნაშვილმა გაზეთ „ქრონიკა პლუსს“ გადასცა, რის შემდეგაც საქართველო დატოვა. ვიდეოკადრები ტელეკომპანია „რუსთავი 2“–მა გაავრცელა.

კანონით, სპეციალური საშვები მხოლოდ ოპერატიულ თანამშრომლებზე გაიცემა და მას სპეციალური დავალების შესრულებისას იყენებენ. ამ საშვის მქონე პირს უფლება აქვს დაარღვიოს საგზაო მოძრაობის წესები, ავტომობილის სავალდებულო შემოწმების გარეშე გადაკვეთოს სახელმწიფო საზღვარი, ასევე იკრძალება მისი ჩხრეკა.


ყველა ახალი ამბავი
0