საქართველოს შსს–ს ყოფილ თანამშრომლებს ქონების უკანონოდ ჩამორთმევა ედებათ ბრალად

© public domainსასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ფუნქციონირება 2015 წლის 4 მარტს დაიწყო. ამ პეროიოდში განხილულია ათასამდე საჩივარი და 118 სისხლის სამართლის საქმე — გამოძიებული.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს შსს–ს ოთხი ყოფილი თანამშრომელი მხილებულია მოქალაქისთვის ქონების ძალადობრივი გზით ჩამორთმევაში, იუწყება საქართველოს მთავარი პროკურატურა.  

კერძოდ, ბრალდებულია ჯაბა მაღლაფერიძე — თბილისის გლდანი–ნაძალადევის რაიონის  პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი. 

პროკურატურის ინფორმაციით, მაღლაფერიძემ 2011 წლის თებერვალში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებულ იაკობ ნადირაძის ოჯახის წევრებს მისთვის ძვირადღირებული ავტომობილის ყიდვა მოსთხოვა.  წინააღმდეგ შემთვევაში,  ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდებოდა. 

„პოლიციის ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მხრიდან ამგვარი ზეწოლის შედეგად, ბრალდებულ იაკობ ნადირაძის ოჯახის წევრებმა „ტოიოტას“ ცენტრში 57 100 აშშ დოლარად შეიძინეს ავტომანქანა „ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო LC150“, — ნათქვამია უწყების პრეს–სამსახურის განცხადებაში. 

ძალადობრივი გზით მიიღო ავტომობილი შსს–ს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, რომელმაც 2011 წლის ოქტომბერში ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულ ავთანდილ მიქაძეს საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, უკანონოდ დაათმობინა მისი კუთვნილი, 12 000 აშშ დოლარად ღირებული,  2004 წელს გამოშვებული  „BMW 520“ მარკის ავტომანქანა. 

უძრავი ქონების ჩამორთმევაში მხილებულია შსს–ს ყაზბეგის პოლიციის გამომძიებელი ვაჟა გელაშვილიც, რომელმაც 2009 წლის დეკემბერში მოქალაქე ზაზა ფართლაძეს, რომლის წინააღმდეგაც საერთოდ არ მიმდინარეობდა სისხლის სამართლებრივი გამოძიება, უკანონოდ დაათმობინა დაბა გუდაურში მდებარე 60 000 აშშ დოლარის ღებულების 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი. 

მოქალაქის საკუთრების უფლების ხელყოფაში მხილებული მეოთხე საჯარო მოხელე გახლავთ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამდებობის პირი, რომელმაც კუდ–ის უფროს დათა ახალაიასთან შეთანხმებით, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებულ თეიმურაზ გავაშელიშვილს, სასამართლოში ბრალდების მოხსნის სანაცვლოდ, 2011 წლის მაისში სახელმწიფოსთვის აჩუქებინა ავტომანქანები: „ფოლკსვაგენ-ჯეტა“, „მერსედესი E 200” და ასევე ოჯახის წევრების კუთვნილი, 35 000 ლარამდე ღირებულების 48 სახეობის ოქროს სამკაულები.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა და შსს–ს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ყოფილი თანამდებობის პირების ვინაობა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ სახელდება. 

ხსენებული საჯარო მოხელეების მიმართ, გამოძიებასთან განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, გამოიყენეს დისკრეცია, ანუ მათ მიმართ არ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. 

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა  ფუნქციონირება 2015 წლის 4 მარტს დაიწყო. ამ პეროიოდში განხილულია ათასამდე საჩივარი და 118 სისხლის სამართლის საქმე — გამოძიებული. 


ყველა ახალი ამბავი
0