თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფედერაციის საბჭოს სხდომაზე განსახილველად წარადგინა წინადადება რუსეთის სამხედრო კონტინგენტის საზღვარგარეთ გამოყენების შესახებ, იუწყება კრემლის პრესსამსახური.
ფედერაციის საბჭომ გასცა შესაბამისი უფლება. სენატორებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი წინადადებას, იუწყება Sputnik-ბელარუსი.
„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთის სამხედრო ძალები საზღვარგარეთ გამოიყენება ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ასე იყო ტაჯიკეთში 90-იან წლებში“, _ განაცხადა კრემლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ივანოვმა. მან იქვე განმარტა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების საზღვარგარეთ გამოყენება ეხება სირიას, რომლის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა რუსეთს.
„ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაციებში მონაწილე სამხედროების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ყველა სოციალური და ფინანსური საკითხი დაცული იქნება, საამისო გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია“, — აღნიშნა ივანოვმა.
ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებიდან საზღვარგარეთ ოპერაციებში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ საჰაერო ძალები, სახმელეთო ძალების გამოყენება გამორიცხულია.
„საუბარია მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო-საჰაერო ძალების ოპერაციებზე, როგორც უკვე განაცხადა ჩვენმა პრეზიდენტმა. სახმელეთო სამხედრო მოქმედებების თეატრში რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენება გამორიცხულია", — თქვა ივანოვმა.
მისი თქმით, რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების ოპერაციები ახლო აღმოსავლეთში დროებითი ხასიათისაა, თუმცა, რამდენ ხანს გაგრძელდება, რა რაოდენობითა და შეიარაღების რომელ სახეობებს გამოიყენებენ, ჯერჯერობით არ ხმაურდება.
„დროის მიხედვით, რა თქმა უნდა, რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების ოპერაცია უსასრულოდ არ გაგრძელდება, მას აბსოლუტურად გარკვეული დროითი ფარგლები აქვს. თუმცა ზუსტად როგორია ეს ფარგლები, რამდენ საფრენ აპარატს ან რა სახის შეიარაღებას გამოვიყენებთ, გასაგები მიზეზების გამო ახლა ვერ დაგიკონკრეტებთ“, — უთხრა ივანოვმა ჟურნალისტებს.
რუსეთი ოთხშაბათს თავის ყველა პარტნიორ ქვეყანას მიაწვდის ინფორმაციას სირიის ხელისუფლების თხოვნით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ახლო აღმოსავლეთში რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენებას ეხება.