თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა, თურქეთის ქალაქ იზმირში ATP Challenger-ის სერიის ¼ ფინალში ტუნისის წარმომადგენელ მალეკ ჯაზირთან ორ სეტში 4:6, 6:7 წააგო.
თამაში თანაბარი ბრძოლით მიმდინარეობდა და ზოგიერთი მაჩვენებლით, როგორიცაა — პირველი ჩაწოდება, პირველ ჩაწოდებაზე მოგებული ქულები, მეტრეველმა აჯობა კიდეც თავის მოწინააღმდეგეს.
პირველი სეტის ბედი აფრიკელი ჩოგბურთელის მიერ შესრულებულმა ერთადერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა. მეორე სეტში საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ჯაზირს ბედი სწყალობდა და შედეგად მან 7:4 მოიგო.
ამ დროისათვის ალექსანდრე მეტრეველი მსოფლიოს 418 ჩოგანია. მაგრამ იზმირში მიღებული სარეიტინგო ქულები მას საშუალებას მისცემს პირველ 4 ასეულში აიწიოს.