სულხან მელაძე
მოგეხსენებათ, ლარის გაუფასურების,ცხოვრების გაძვირებისა და კიდევ უფრო დამძიმებული სოციალური ფონის პირობებში, საზოგადოებაში მთავრობის ე.წ. ეკონომიკურ ბლოკში საკადრო ცვლილებების მოლოდინი იყო. საგარეო საქმეთა მინისტრად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში მოსალოდნელი სიახლეების შესახებ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორს, ალექსანდრე რუსეცკის გავესაუბრე.
— ბატონო ალექსანდრე, საზოგადოება მთავრობის ეკონომიკურ ბლოკში საკადრო ცვლილებებს ელოდა, ფაქტობრივად კი საგარეო საქმეთა მინისტრი შეიცვალა?
- კრიზისის წინაპირობები პირველ რიგში იმის შედეგია, რომ ეკონომიკური განვითარების სტრატეგია ქვეყანას არც გააჩნდა და არც გააჩნია. საქართველოს ეკონომიკა ძალითაა მიბმული გარე ბაზარზე და ამის შედეგია მისი მგრძნობიარე დამოკიდებულება ამ ბაზრის ცვლილებებზე. ომი უკრაინაში, კრიზისი საბრძნეთში, ურთულესი ვითარება რუსეთში, ამას ემატება თურქეთში არსებული კრიტიკული ვითარება. საქართველოს უახლოესი ეკონომიკურ-პოლიტიკური სივრცე განიცდის კრიზისს და ეს, ბუნებრივია, ზემოქმედებას ახდენს საქართველოზე. ეროვნული წარმოების ძალზე დაბალი დონე განაპირობებს ჩვენი მოსახლეობის გარეთ გადინებასა და უცხოეთიდან იაფი მუშახელის შემოსვლას, რაც, უახლოეს პერსპექტივაში, სერიოზული პრობლემების წინაპირობაა. საგარეო მინისტრად ეკონომიკის მინისტრის დანიშვნა არაა მთავარი, მთავარი იქნება ის, თუ რამდენად მასზე უკეთესი იქნება ეკონომიკის ახალი მინისტრი.
- ბატონო ალექსანდრე,იშვიათი შემთხვევაა, როცა ყოფილი მინისტრის ე.წ შრომითი მოწყობის საკითხი იმთავითვე დადებითად არ წყდება. რა ვერ აპატია ირაკლი ღარიბაშვილმა თამარ ბერუჩაშვილს?
- თამარ ბერუჩაშვილს საპატიებელი არაფერი სჭირს. ის წლების განმავლობაში საქართველოს საგარეო პოლიტიკას პატიოსნად ემსახურება. განსაკუთრებით დიდია მისი ღვაწლი საქართველო-ევროკავშირის დაახლოების კუთხით. თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა მინისტრად იმ მოტივაციით, რომ იყო საკომპრომისო ფიგურა. მაშინ ეს იყო აუცილებელი იმისთვის, რომ მაია ფანჯიკიძის დემარში რბილად,,გადაეგორებინათ“. მოკლედ რომ ვთქვათ, მმართველი გუნდისთვის მიუღებელი იყო, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი მათი კადრი არ იყო.
— გიორგი კვირიკაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად,- რა გზავნილია ეს დასავლეთისა და ჩრდილოეთისთვის?
- გიორგი კვირიკაშვილი, როგორც ჩანს, საქართველოს საგარეო პოლიტიკის მენტალობას ცვლის. იგი პირველი მინისტრია, რომელმაც გაბედა და წარმოადგინა ხედვა, რომელიც საქართველოს მრავალვექტორიანი ეკონომიკური და პოლიტიკური აზროვნების შესაძლებლობებს ხსნის. ამას წინ უსწრებდა მისი აქტიური მოძრაობები ჩინეთში, თურქმენეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში. ეს უდაოდ პოზიტიური და აუცილებელი სვლებია. ევროკავშირში არსებული ვითარება ვერ მისცემს საქართველოს რაიმე სერიოზულ გარანტიას, რომ ჩვენი განვითარება მათთან მიახლოებულ სივრცეში სტაბილური და მდგრადი იქნება. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები გვაფიქრებს, რომ სიტუაცია გართულდება. ზოგადად, ნებისმიერ სიტუაციში კარგია, ერთუჯრედიანი პროდასავლური პოლიტიკიდან ორუჯრედიანზე გადასვლის პროცესი, რომელიც აღმოსავლეთის და სამხრეთის მიმართულებები ვითარდება. ეს რთული, მაგრამ სწორი გზაა. უნდა ვუსურვოთ ახალ მინისტრს, რომ ღირსეულად იღვაწოს ამ ისტორიული მისიის შესასრულებლად.
- ბატონმა კვირიკაშვილმა პირველივე საჯარო გამოსვლისას ხაზი გაუსვა ქვეყნის ევრაზიის კონტინენტთან თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობას, რაც ოპოზიციამ საგარეო პოლიტიკური ვექტორის ევრაზიის კავშირისკენ გადახრად შეაფასა. როგორია თქვენი კომენტარი ამასთან დაკავშირებით.
— ნაციონალური მოძრაობა და სხვა პრომოსკოვური პარტიები, მიუხედავად მათი ფიზიკური სიძლიერისა, ერთუჯრედიანი პოლიტიკური აზროვნების ნაყოფს წარმოადგენენ. როგორც ჩანს, ამ ერთუჯრედიანების შერკინების პროცესმა ახალი გენერაციის პოლიტიკური აზროვნების ელემენტები დაბადა. იმედია, მათი განვითარება ნაყოფიერი იქნება. ევროპული, აზიური, ევრაზიული და სხვა ტერმინები უცილობლად უნდა იყოს თავსებადი ჩვენი პოლიტიკური მენტალობისთვის. ბევრ მათგანს ხომ არ უჩნდებოდა კითხვა, როდესაც დაფინანსებას აშშ-ს ევრაზიის ფონდიდან იღებდნენ. ასე რომ, როგორც ჩანს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები იმყოფებიან ღრმა ინტელექტუალურ ორმოში, საიდანაც მათი ამოსვლა არ იქნება იოლი.
— ბატონო ალექსანდრე, ერთია,- რა არის მოსალოდნელი და მეორე — რა სჭირდება ქართულ სახელმწიფოს მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში?
— ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტი არის — ეროვნული ეკონომიკა (ამ სიტყვათა წყობის ფართო გაგებით). ეროვნული ეკონომიკა ადეკვატურ საშინაო და საგარეო პოლიტიკის ბალანსს შეიცავს.