მეტი შემოსავალი შუაკაცების გარეშე

გამოწერა
კოოპერატივი გლეხის ნაშრომს შუაკაცების გარეშე, თვითონვე გაყიდის და შემოსავალსაც ბევრად მეტს მიიღებს.

 მერაბ ხაჩიძე

 ბევრს ახსოვს ცნობილი ფრაზა ფილმიდან "შეხვედრა წარსულთან" — "… შენი ჭკუის რომაა აგი თხა იმიტომ არ უნდა კოლექტივში“!

 საბჭოთა ხელისუფლების გარიჟრაჟზე, კოლექტივიზაციის მსურველები მოწინააღმდეგეებს "შეუგნებლებს" ეძახდნენ. ეს უკანასკნელნი (როცა საქმე ისე ვერ მიდიოდა, როგორც კოლექტივს სურდა) ამ ეპითეტს უკან უბრუნებდნენ კოლექტივის წევრებს. 

 ამ დღეებში, თერჯოლის რაიონში ევროკავშირისგან დაფინანსებული პროგრამის ENPARD-ის ფარგლებში 140 ათასი დოლარის ღირებულების ახალი ტექნოლოგიური ხაზებით აღიჭურვა ორი კოპერატივი: "თერჯოლის ღვინო" და "საზანო". მიზანი ევროპული ტექნოლოგიით ღვინის დამზადება და რეალიზაციაა. აქვე, საინტერესო ისიც არის, რომ კოპერატივების გახსნაში ჩეხეთის რესპუბლიკის რეგიონალური განვითარების ატაშეც მონაწილეობდა. 

სასოფლო–სამეურნეო გამოფენა - Sputnik საქართველო
კოოპერატივის სტატუსი 913 სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებას მიენიჭა

 როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა გივი ჭიჭინაძემ განაცხადა, 4 ათას ლიტრამდე ღვინო, რომელიც ამ კოპერატივებმა პირველ ეტაპზე უნდა აწარმოონ, ჯერ-ჯერობით ბევრი არ არის, მაგრამ თვითონ ფაქტია იმედის მომცემი. დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას როცა წაადგება, ხალხი დარწმუნდება და თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, რამდენად მომგებიანი იქნება მათთვის კოოპერატიული გაერთიანებები. 

 დღეს თავში ნამგალს და უროს არავის ურტყამენ, არც კოპერატივებში გაერთიანებას აძალებენ. არც კოპერატივში შესვლა-გამოსვლის მსურველები უპირისპირდებიან ერთმანეთს.

 …თუმცა აუცილებლად სათქმელია, რომ ბევრ გაკეთებულ საქმეს (განსაკუთრებით აგრარულ სფეროში) აშკარად აკლია სისტემურობა, რაც შედეგებს ახლო პერსპექტივას უკარგავს. მხოლოდ ჟურნალისტების, საინფორმაციო ცენტრებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების იმედად ყოფნა არ შეიძლება. როცა საქმე სიახლეების დანერგვას ეხება, სოფლის მოსახლეობა ყველაზე მეტად რეკომენდაციების, რჩევების ნაკლებობას უჩივის. სიახლეების დანერგვას სხვა ბევრი რამეც უშლის ხელს: პირველ რიგში, მოუქნელი საკანონმდებლო ბაზა, ხშირად ხელისუფლების ასევე მოუქნელი ქმედება, პროფესიონალების დეფიციტი და საზოგადოების ეჭვებიც — „… რომ დევიწყო, მერე სად წევიდეო". და კიდევ, არც აგიტატორების ინსტიტუტი გამქრალა ჩვენი მეხსიერებიდან და რეალობიდან.

 თერჯოლაში, ამ კოპერატივების გახსნის ცერემონიალზე, ვიღაცას უხუმრია, შუალედური არჩევნები იმერეთში რომ იყოს და არა კახეთში, ღვინის ქარხნის ასე მშვიდად გახსნას არავინ გვაცდიდაო. 

 არის ამაში სიმართლის ნატამალი. არც ის უნდა იყოს ვინმესთვის საწყენი, თუ ვიტყვით, რომ პოლიტიკური მიზნების რეალიზაცია ბევრისთვის იმ ყურძნისა და ღვინის რეალიზაციაზე უფრო მნიშვნელოვანია — წელიწადში 12 თვე რომ შრომა და რუდუნება სჭირდება.

 თუ არა "პარტიული აზროვნების" შედევრი, სხვა რა უნდა დავარქვათ იმას, ერთმა "უვენახო მეღვინემ" რომ მოუწოდა კახელ გლეხებს: თუ ყურძენს 1 ლარად არ ჩაიბარებენ, ჩვენს მოსავალს თბილისში ჩავიტანთ და ბიძინა ივანიშვილს დავუყრით კარებთანო! დალოცვილო, თუ ხალხი ყურძნის ჩაბარების ფასით უკმაყოფილოა, თავისი ნაშრომი (მოკრეფაში რომ ფული გადაიხადა), ახლა მანქანაზე უნდა დატვირთოს (თავის ფულით) და თბილისში გადასაყრელად უნდა ჩამოიტანოს?! 

 ეს მთავრობაც და მისი ყოფილი პრემიერიც შეიძლება არ მოგწონდეს! 

 ხელისუფლების მოწონება —არმოწონებაც კოპერატივში შესვლასავით ნებაყოფლობითია, მაგრამ მისი გადაყენებისთვის უფრო ჭკვიანური რამის მოფიქრება სჯობდა. მითუმეტეს ისეთ ჭკუადამჯდარ ადამიანებთან ურთიერთობისას — როგორც კახელები არიან.

 ისე, გვეყო ამდენი პოლიტიკა და ცოტა საქმესაც მივხედოთ. საქმე კი ის გახლავთ, ჩემო ბატონები, რომ კოოპერატივი გლეხის ნაშრომს შუაკაცების გარეშე, თვითონვე გაყიდის და შემოსავალსაც ბევრად მეტს მიიღებს.

 ასეა ეს!


ყველა ახალი ამბავი
0