თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველოში 913 სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებას კოოპერატივის სტატუსი მიენიჭა. კოოპერატივთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით ასე გამოიყურება:
კახეთი – 72 კოოპერატივი, ქვემო ქართლი –144, მცხეთა-მთიანეთი – 36, შიდა ქართლი – 60, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 73, გურია – 62, იმერეთი – 84, რაჭა-ლეჩხუმი – 85, თბილისი – 28, აჭარა – 106, ხოლო სამცხე–ჯავახეთი – 163 კოოპერატივი.
ყველა კოოპერატივს გადაეცა მოტო–ბლოკების კომპლექტები და დამატებითი ხელის სათესები.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ 2014 წლის 27 იანვრიდან დაიწყო სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისთვის კოოპერატივების სტატუსის მინიჭება. საქართველოს მაღალმთიან რაიონებში კოოპერატივის შექმნისთვის აუცილებელი პირობაა სამი ფერმერი, ხოლო ბარში – ხუთი.
სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო 2013 წლის ნოემბერში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სათემო–ოჯახური მეურნეობების სწორი და ეფექტური კოოპერირების მიზნით შეიქმნა. აღნიშნულ სტრუქტურას უფლება აქვს მიანიჭოს და ჩამოართვას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი, ჩაატაროს მათი საქმიანობის მონიტორინგი და ასევე განახორციელოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო ღონისძიებები.
კანონის თანახმად, იურიდიულ პირები, რომლებსაც აქვთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი, ისარგებლებენ საგადასახადო და სხვა სახის შეღავათებით, მათ შორის სახელმწიფო პროგრამებით. ფერმერებისა და გლეხების კოოპერატივებში გაერთიანება ნებაყოფლობითია.
„კოოპერატივების მიზანი – ეს სოფლად ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ახალი ტექნოლოგიების დამკვიდრება, სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის ზრდაა“, – განაცხადეს სასოფლო-სამეურნეო უწყებაში და აღნიშნეს, რომ კოოპერატივებში გაერთიანებული ფერმერები, მეწარმის სტატუსის მიუხედავად, სახელმწიფოსგან მიიღებენ გრანტს, რომელიც არ დაიბეგრება.