სულხან მელაძე
ეროვნული "სიამაყე" სულ უფრო და უფრო დაბლა ეშვება, თუმცა ახალ და ახალ სიმაღლეებს იპყრობს. ეს, როგორ? შესაძლოა იკითხოს მკითხველმა. ძალზედ მარტივად. "არასდროს დაჯერდე მიღწეულს, არასდროს დაგეუფლოს თვითკმაყოფილების განცდა", მრავალგზის ნათქვამი ეს ბანალური ჭეშმარიტება, სხვამ თუ არა, ლარმა ისმინა და გასული წლის მიწურულიდან სწრაფი ტემპით დაიწყო ფსკერისკენ ყვინთვა. პროცესი ვერავინ და ვერაფერმა შეაჩერა. გასული საუკუნით, კერძოდ 1999 წლის 8 მარტით დათარიღებული ძველი "რეკორდი" — 2 ლარი და 45 თეთრი ერთ ამერიკულ დოლართან მიმართებაში უკვე ისტორიის საკუთრებაა. ამ სარკაზმის მიღმა უმძიმესი რეალობაა. გაძვირებული ცხოვრებით გამოწვეულ გაუსაძლის ყოფას, გაურკვევლობა და მომავლის შიში კიდევ უფრო ამძიმებს.
ლარის გაუფასურების მიზეზებზე უკვე ბევრი ითქვა. ხელისუფლება საგარეო ფაქტორებით, ძირითადად, უკრაინაში მიმდინარე პროცესებით, რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირებით და მსოფლიოში არსებული ეკონომიკური კრიზისით აპელირებს. მმართველი პოლიტიკური გუნდის ერთი ნაწილი თვლის, რომ ლარის "გაყოჩაღებას" ეროვნულმა ბანკმაც შეუწყო ხელი. ამ მოსაზრებას ექსპერტების დიდი ნაწილი იზიარებს. მიიჩნევენ, რომ ეროვნული ბანკი ყოველ შესაძლო მომენტს იყენებს ეროვნული ვალუტის გასაუფასურებლად.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია:
"ის კიდევ უფრო ამძაფრებს მდგომარეობას და უბიძგებს ლარს მომდევნო დევალვაციისაკენ. 17 სექტემბრის მდგომარეობით ეროვნულმა ბანკმა (მუდმივმოქმედი) რეფინანსირების სესხის ოდენობა კვლავ გაზარდა, თუმცა ამჯერად არა რამდენიმე ათეული, არამედ მთელი 212 მილიონით, 22% — ით, რაც აუციულებლად ნეგატიურად აისახება ეროვნული ვალუტის კურსზე. ეს ნაბიჯი კომერციული ბანკების ლიკვიდობის მხარდასაჭერად გადაიდგა, თუმცა კომერციული ბანკების ლიკვიდობის პრობლემა არ არის ეროვნული ბანკის მთავარი საზრუნავი. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში, გარკვეულწილად, ირღვევა მომხმარებლების უფლებებიც. ვგულისხმობ რომ კომერციული ბანკები მათი ლიკვიდობის უზრუნველყოფას არა ეროვნული ბანკიდან აღებული სესხით, არამედ ანაბრებზე უფრო მაღალი პროცენტების დაწესების გზით უნდა იზიდავდნენ, სადაც მომხმარებელიც და ბანკიც მოგებულები დარჩებიან და არა ცალმხრივად მხოლოდ ბანკები, როგორც ეს დღეს ხდება. უფრო მეტიც, მსგავსი ნაბიჯებით ეროვნული ბანკი ეწინააღმდეგება თავის ერთ-ერთ უშუალო ვალდებულებას. ეს არის ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივ დონეზე შენარჩუნება. ეროვნული ბანკის ნაბიჯები ხშირად ემთხვევა ქვეყნაში გარკვეული პოლიტიკური ტალღების აგორების მცდელობას".
არის კონკრეტული მოსაზრებები ლარის გაუფასურების ხელშემწყობ, მეტწილად დამხმარე პოლიტიკურ მდგენელსა და ელფერზე.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე თვალჭრელიძე:
"ლარის პერიპეტიები გახლავთ ძალიან კარგად გააზრებული, დიდი ხნის წინ დაგეგმილი და უაღრესად პროფესიულად შესრულებული საბოტაჟის პროექტი, რომელსაც რევანშისტული სწრაფვები აქვს. მე ვადანაშაულებ ხელისუფლებას, რომელსაც, სამთავრობო და საპარლამენტო რესურსების გარდა, სხვა რესურსებიც გააჩნია, რათა უხისტესი ზომები მიიღოს იმ აღვირახსნილი ადამიანის მიმართ, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ჰქვია".
ამ და სხვა მოსაზრებათა გათვალისწინებით, მოულოდნელი არ ყოფილა, რომ პარლამენტარებმა ეროვნული ბანკის თავნებობას საბანკო ზედამხედველობის კანონმდებლობაში ცვლილებები შეაგებეს. იყო პრეზიდენტის ვეტო, შემდეგ კანონმდებლების გადაწყვეტილება ვეტოს დაძლევის თაობაზე. სამართლიანობა მოითხოვს და უნდა ითქვას, რომ ექსპერტების, სპეციალისტების ერთი ნაწილი ეროვნული ბანკის სტრუქტურაში განხორციელებულ ცვლილებებს უარყოფითად აფასებს და პრაქტიკულად გამორიცხავს მის შესაძლო პოზიტიურ გავლენას ლარის კურსზე. რაც შეეხება პოლიტიკური სპექტრის ოპოზიციურ ნაწილს, მან მმართველი კოალიციის მხრიდან ლარის გაუფასურებაში ეროვნული ბანკის დადანაშაულება განტევების ვაცის ძიებად შეაფასა.
პოლიტიკური ისტებლიშმენტი ზნეს არ იცვლის (ვეჭვობ უკვე არც არავის აქვს ამის მოლოდინი) და მღვრიე წყალში ოქროს თევზის დაჭერას ცდილობს. მერე რა, რომ ანკესს ჯიუტად მხოლოდ გველხოკერა ეგება. ნებისმნიერი ხერხით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება ჩვენში მოსულა, ისე როგორც ყველაფერი სხვა, რაც მიზანს აახლოვებს. ოპოზიციური პოლიტიკური ძალები ხელისუფლების უუნარობასა და უნიათობაზე საუბრობენ. აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში შემცირდა უცხოური ინვესტიციები, იკლო ქართული პროდუქციის ექსპორტმა, შემცირდა ტურისტების რაოდენობა და ა.შ მათგან არავინ საუბრობს, რეგიონში მიმდინარე ურთულესი პროცესების ფონზე, რამ და რატომ უნდა მოხიბლოს უცხოელი ბიზნესმენი ქვეყნით, რომლის ტერიტორიების ოცი პროცენტი ოკუპირებულია და საოკუპაციო ჯარები დედაქალაქიდან თხუთმეტი წუთის სავალზე არიან დისლოცირებული. ეს რეალობა მეოცნებე ხელისუფლებას არ შეუქმნია, ნუ დავაბრალებთ, თავისი ცოდვებიც ეყოფა. არც იმაზე მიუთითებენ, რომ ახლა რეგიონმი ომია და რუსეთსა და უკრაინაში არც ქართული პროდუქციის იმავე რაოდენობით შესაძენად და არც საქართველოში იმავე სიხშირით სამოგზაუროდ მოქალაქეებს ფინანსები უბრალოდ არ ჰყოფნით.
კიდევ ერთი და, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. ამერიკულ დოლართან მიმართებაში გაუფასურებას მხოლოდ ქართული ლარი ვერ "დაიტრაბახებს". პოზიციები საგრძნობლად დათმეს რუსულმა რუბლმა, თურქულმა ლირამ, ევრომ, ჩინურმა იუანმა, ყაზახურმა ტენგემ და ა.შ.
ახლა მთავარია ზუსტად განვსაზღვროთ და გავთვალოთ ის, თუ რა რისკებია მოსალოდნელი, რა გავლენა ექნება ლარის შემდგომ გაუფასურებას უახლოესი მომავალის პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებზე.
ეკონომისტი ასლან ფაღავა:
„ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რას გულისხმობდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი, როცა გარე ფაქტორების შერბილებაზე საუბრობდა? დოლარის კურსი კვლავაც იზრდება; ნავთობი ისევ იაფდება, თურქეთი და რუსეთი იგივე პრობლემების წინაშე დგანან, მეტიც, მათ დაემატათ სირიის კონფლიქტში უშუალო მონაწილეობასთან დაკავშირებული სიმძიმეები… საქართველოში მოქმედმა ბანკებმა უახლოესი ორი წლის განმავლობაში უნდა გაისტუმრონ 4,4 მილიარდი დოლარი საგარეო ვალი. ცხადია, ეს ფული საქართველოდან უნდა ამოიღონ, ეს კი სერიოზულად გაზრდის დოლარზე მოთხოვნას, შესაბამისად, ლარის სტაბილურობისათვის საფრთხეს წარმოადგენს… სოციალურ პროცესებზე ლარის დევალვაციას ცალსახად უარყოფითი გავლენა ექნება იმიტომ, რომ სესხების 65% დოლარშია გაცემული, გადამხდელთა უმრავლესობა კი შემოსავლები ლარში აქვს. უნდა აღინიშნოს, აგრეთვე, რომ ლარის ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად აღიარების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გასაზღვრული ნორმის მიუხედავად, უძრავი ქონება, ავტომობილები, მანქანა-დანადგარები და ა.შ. დოლარში იყიდება. ეკონომიკაზე ზოგადად ეროვნული ვალუტის კურსის შესუსტება დადებით გავლენას ახდენს, ასტიმულირებს ეროვნულ წარმოებას და ხელს უწყობს ექსპორტის ზრდას, ოღონდ, იგი კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს“.
ახლა, მოსალოდნელი რისკების გათვლასთან ერთად, ზუსტად უნდა შევაფასოთ ჩვენი შესაძლებლობები და ყველა საგარეო თუ საშინაო ფაქტორის გათვალისწინებით, ვიფიქროთ, როგორ შეიძლება შევაჩეროთ ლარის გაუფასურება.
ანალიტიკოსი ემზარ ჯგერენაია მიიჩნევს, რომ ეროვნულმა ბანკმა სასწრაფოდ უნდა განახორციელოს ინტერვენცია ასი მილიონი დოლარის ოდენობით. არის, თუ არა ეს საკმარისი და რა უნდა ვიღონოთ, როცა საგრძნობლად შემცირდება სავალუტო მარაგი.
ეკონომისტი ასლან ფაღავა:
„პრინციპში, ბატონი ჯგერენაიას მოსაზრებას ვიზიარებ, ოღონდ, ეს ინტერვენცია არ უნდა განხორციელდეს ერთბაშად და რაც მთავარია, უნდა მოხდეს დროულად. ლარის კუსის ვარდნა შეიძლება შეაჩეროს მხოლოდ კომპლექსურმა ღინისძიებებმა, როგორიცაა: ექსპორტის ზრდა, პირდაპირი ინვესტიციების ზრდა, სავალუტო ბაზრის გახსნა და მასში სახელმწიფოს როლის გააქტიურება, კანონის შესრულება და ლარის რეალურად ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად ქცევა, ეკონომიკის დოლარიზაციის შემცირება და, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ბანკების საქმიანობის სერიოზული და მკაცრი რეგულირება სახელმწიფოს მხრიდან“.
სექტემბრის თვის მეორე და მესამე დეკადის მიჯნაზე ლარმა გაუფასურების ტემპს უკლო და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც უმალ ოპტიმისტური განცხადება გააკეთა. „შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლარმა იპოვა ის ახალი წონასწორობის კორიდორი და სხვა თანაბარ პირობებში ჩვენ გაუფასურებას აღარ ველოდებით“, — ასეთია ჯერ კიდევ მთავარი ბანკირის მოლოდინი. ვნახოთ, რა ხასიათზე იქნება ლარი და როგორ განვითარდება პროცესები.