თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ინფლაციური მოლოდინები ძალიან მაღალია, მაგრამ ორნიშნა ინფლაცია არ იქნება არავითარ შემთხვევაში, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.
„სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემებით, ინფლაციის მაჩვენებელი 5%-ზე ცოტა მეტია. ინფლაციური მოლოდინი, სამწუხაროდ, ძალიან მაღალია, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ იმ მონეტარული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც პასუხობს ამ ამოცანას,“ — განაცხადა გიორგი ქადაგიძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“ —ის ეთერში.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოს მოსახლეობის სამომხმარებლო კალათის დიდი ნაწილი არის იმპორტზე დამოკიდებული და ეს აისახება ფასებზე.
„აღსანიშნავია, რომ დადებითად მოქმედი ტენდენციებიც არსებობს. მაგალითად, რეკორდულად დაბალი ფასი ნავთობზე, ძირითად სასაქონლო ჯგუფებზე, როგორიცაა ხორბალი, შაქარი, ზეთი, ფასები შემცირებულია, რაც ჩვენს სასარგებლოდ მოქმედებს“, — თქვა ქადაგიძემ.
ინფლაციის კონტროლი მნიშვნელოვანია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი დიდ პრობლემად არ დააწვეს მოსახლეობას, რომელსაც ლარის გაუფასურებამ ისედაც ბევრი პრობლემები შეუქმნა, - აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წლის აგვისტოში, იმავე წლის ივლისთან შედარებით, საქართველოში ინფლაციამ 1% შეადგინა, ხოლო 2014 წლის აგვისტოსთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 5,4% შეადგინა.
აღნიშნულ პერიოდში ფასები ალკოჰოლსა და თამბაქოზე 13,1%-ით გაიზარდა, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე — 6,3%-ით, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების სფეროში — 6,1%-ით, ჯანდაცვის სფეროში — 9,1%-ით, განათლების სფეროში — 3,3%-ით, კომუნალურ მომსახურებაზე — 5%-ით, კავშირგაბმულობის სფეროში — 0,3%-ით.
ამავე დროს ფასები სატრანსპორტო მომსახურებაზე 1,6%-ით შემცირდა.