თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ სამუშაო სადილზე, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) შესრულების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასეს, იტყობინება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ორშაბათს, 22 სექტემბერს.
დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე, 2012 წლის ივნისში დაიწყო. სამოქმედო გეგმა, რომელიც ოთხ ფაზას მოიცავს, ქვეყანამ 2013 წლის თებერვალში მიიღო.
„პრემიერმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული გზის ერთგულია, თუმცა ამავდროულად, დიდ ყურადღებას უთმობს პრაგმატულ, კონსტრუქციულ სამეზობლო პოლიტიკას“ — ნათქვამია უწყების შეტყობინებაში.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესი.
საქართველოში ხელისუფლების წარმომადგენლებს არა ერთხელ გამოუთქვამთ იმედი, რომ 2015 წლის ბოლოსა და 2016 წლის დასაწყისში საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება.
ევროკომისიის 2015 წლის 8 მაისის მოხსენების თანახმად, საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის (VLAP) 15 ძირითადი მოთხოვნიდან შვიდი შეასრულა. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეოთხე ბლოკის შესრულების თვალსაზრისით არსებითია.