თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. მოკლემეტრჟიანი ფილმების კონკურსის შედეგები შეაჯამეს შაბათს, 19 სექტემბერს, ანაპაში, დსთ-სა და ბალტიის ქვეყნების XXIV კინოფესტივალზე „კინოშოკი“. კონკურსში წარმოდგენილი იყო თხუთმეტამდე ნამუშევარი რუსეთიდან, უკრაინიდან, ლატვიიდან, სომხეთიდან და პოლონეთიდან.
ჟიურის გრან-პრი რუსი რეჟისორის ნიკიტა იკონნიკოვის ფილმმა „ტანიამ“ მიიღო. ეს არის ტრაგიკული ისტორია, რომელიც რუსულ სოფელში დიდებული ჩრდილოეთის პეიზაჟების ფონზე ვითარდება. მოსკოვიდან სოფელში ოჯახთან ერთად ჩადის მხატვარი და ადგილობრივი გოგონა ტანია თანხმდება მასთან პოზირებას. ეს გადაწყვეტილება მამისა და ვაჟის მოულოდნელ კონფლიქტამდე მიდის და ტრაგიკულად სრულდება.
ჟიურის სპეციალური პრიზი დიალოგების ფსიქოლოგიური სიზუსტისათვის უკრაინელმა რეჟისორმა ეკატერინე გორნოსტაიმ მიიღო ფილმისათვის "შორიახლოს". 11 წუთიან ფილმში მოთხრობილია ორი შეყვარებულის ამბავი. ჟიურიმ დააფასა ამბის ნათელი, მელანქოლიით გაჯერებული გულახდილობა და ფსიქოლოგიური გულწრფელობა.
საუკეთესო მამაკაცის სახე შეიქმნა ლატვიელი კინემატოგრაფების მიერ ფილმში „მა მა“. რეჟისორი ვალერი ოლეხნო ყვება მამაკაცის ისტორიას, რომელიც დიდი ხნის განშორების შემდეგ ციხიდან დაბრუნდა და ვაჟს შეხვდა. ეს შეხვედრა ორივესათვის შესაძლოა ბოლო გახდეს.
სპეციალური დიპლომი “გამოხატვის სიძლიერისათვის“ მიიღო უკრაინელი რეჟისორის მარინა ვროდის ფილმმა „ლოკოკინები“ — ეს არის სასტიკი და ერთგვარად შოკის მომგვრელი ისტორია ორ ბავშვობის მეგობარზე.
ჟიურის წევრებმა აღნიშნეს, რომ წლევანდელი ისტორიები უფრო სასტიკია, მაგრამ მიუხედავად სისასტიკისა, მათში ჩანს ადამიანური გრძნობების ძიება ექსტრემალური სიტუაციებისას, მცდელობა მიხვდე ემპატიის შესაძლებლობების ზღვარს, ოსტატობა დარჩე ადამიანად ყველაზე ყალბ სიტუაციებში.
ფესტივალი „კინოშოკი“ ანაპაში 1992 წლიდან იმართება და რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფესტივალია. ფესტივალის მთავარი პრიზი „ოქროს ვაზი“ პროდიუსერს გადაეცემა საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმისათვის.
ფესტივალის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია პრიზები საუკეთესო რეჟისურისათვის, სცენარისათვის, საოპერატორო ნამუშევრისთვის, საუკეთესო მამაკაცისა და ქალის როლისათვის, ასევე დიდი ჟიურის სპეციალური პრიზი.
სრულმეტრაჟიანი ფილმების XXIV ღია ფესტივალზე ასევე წარმოდგენილია ყაზახი, ტაჯიკი, ყირგიზი და ლატვიელი რეჟისორების ფილმები. საქართველოს ფესტივალზე ლევან თუთბერიძის ფილმი „ცხრა მთას იქით“ წარადგენს.
მიმდინარე წელს ფესტივალის სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსის ჟიურის რუსი თეატრალური რეჟისორი, მხატვარი და პედაგოგი დიმიტრი კრიმოვი ხელმძღვანელობს.
ქართველ კინორეჟისორებს უკვე აქვთ წარმატებული გამოცდილება ანაპის კინოფესტივალზე. 2012 წელს ზაზა ურუშაძის ფილმმა „ბოლო გასეირნება“ „კინოშოკის“ პრიზი მიიღო.