ლევან თუთბერიძის ფილმი „კინოშოკ-2015“-ზე იქნება ნაჩვენები

© facebook.com/levan.tutberidzeრეჟისორი ლევან თუთბერიძე
რეჟისორი ლევან თუთბერიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალი საკურორტო ქალაქ ანაპაში(რუსეთი) 2015 წლის 13-დან 20 სექტემბრამდე გაიმართება.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. ქართველი რეჟისორის ლევან თუთბერიძის ფილმი „ცხრა მთას იქით“ მონაწილეობას მიიღებს ანაპაში XXIV ღია ფესტივალზე „კინოშოკი“.

 ფესტივალ „კინოშოკზე“ წარმოდგენილია ფილმები დსთ-ს ქვეყნებიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან და ესტონეთიდან. ფესტივალი საკურორტო ქალაქ ანაპაში(რუსეთი) 2015 წლის 13 —დან 20 სექტემბრამდე გაიმართება. 

 „ცხრა მთას იქით“ – ინგლისელი ფოტოგრაფის ემის ისტორიაა, რომელიც საქართველოში ჩამოდის ფოლკლორულ ექსპედიციაში და მოულოდნელად მთებში თავის სიყვარულს შეხვდება. ახალგაზრდა გოგონას გულში ძლიერ გრძნობას აღვიძებს აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანი სოფლის მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცი —კოპალა, რომელიც განასახიერებს ძველ ქართულ მითოლოგიურ ღმერთს.

 სასიყვარულო განცდებთან ერთად, ემის მოუწევს შეეჩეხოს ამ თვითმყოფადი მხარის ძველებურ, მკაცრ ტრადიციებს. მითისა და რეალობის მიჯნაზე მყოფი ადამიანების ცხოვრებისეულ თვალთახედვას, ცივილიზაციისა და მითოლოგიის ბრძოლას, რომელშიც ეს უკანასკნელი იმარჯვებს.

 ახალგაზრდა ინგლისელი ქალის ყველა ევროპული ღირებულება —დამოუკიდებლობა, პირადი თავისუფლება, ვნება  ეჯახება შეუძლებლის შეცვლის სურვილს — საუკუნეობრივი ტრადიციების მატარებელ ადამიანთა შეურიგებელ თვალსაზრისს თანამედროვე ცხოვრებაზე.

 კინოსურათი „ცხრა მთას იქით“ აკა მორჩილაძის სცენარითაა გადაღებული, ოპერატორია გიორგი შველიძე, მუსიკა კომპოზიტორ ზაზა მიმინოშვილს ეკუთვნის. 

 მთავარ როლებში მონაწილეობენ კრისტიან ბენეტი, თორნიკე ბზიავა და მიხეილ გომიაშვილი.

 ლევან თუთბერიძე არის რეჟისორი ფილმებისა „გასეირნება ყარაბახში“, „უშენოდ მგონი მოვკვდები“,  „წარსულის აჩრდილები“, „ლაზარეს უკანასკნელი ლოცვა“ და ერთ-ერთი ნოველისა ფილმიდან „თბილისო მე შენ მიყვარხარ“.

 ფილმ „ცხრა მთას იქით“ გადაღება რეჟისორმა თავისი ხმაურიანი ფილმის „გასეირნება ყარაბახში“ გადაღებიდან ოთხი წლის შემდეგ დაიწყო. გადაღებები მიმდინარეობდა ხადას (დუშეთი) ხეობაში 2013 წლის აგვისტოში.

 ქართულ კინოგაქირავებაში ფილმი მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩაეშვება.

 ფესტივალი „კინოშოკი“ ანაპაში 1992 წლიდან იმართება და რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფესტივალია. ფესტივალის მთავარი პრიზი „ოქროს ვაზი“ პროდიუსერს გადაეცემა საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმისათვის. 

 ფესტივალის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია პრიზები საუკეთესო რეჟისურისათვის, სცენარისათვის, საოპერატორო ნამუშევრისთვის, საუკეთესო მამაკაცისა და ქალის როლისათვის, ასევე დიდი ჟიურის სპეციალური პრიზი. 

 სრულმეტრაჟიანი ფილმების XXIV ღია ფესტივალზე ასევე წარმოდგენილია ყაზახი, ტაჯიკი, ყირგიზი და ლატვიელი რეჟისორების ფილმები. 

 მიმდინარე წელს ფესტივალის სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსის  ჟიურის რუსი თეატრალური რეჟისორი, მხატვარი და პედაგოგი დიმიტრი კრიმოვი უხელმძღვანელებს. 

 გარდა სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსისა, ფესტივალის პროგრამით გათვალისწინებულია მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი „შოკის საზღვრები“, საბავშვო და მოზარდთა ფილმების კონკურსი „კინომალიშოკ“ და ტელეფილმების კონკურსი „ტვ-შოკი“.


ყველა ახალი ამბავი
0