თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik.ნიკო ფიროსმანის სურათებმა კომპლექსური რესტავრაცია გაიარა, ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო იტყობინება. ორ ნამუშევარი- „შოთა რუსთაველი მაგიდასთან“ და „ქალი სააღდგომო კვერცხებით“, მირზაანის მუზეუმში დაცული 14 ნახატიდან, განსაკუთრებით დაზიანებული იყო.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, ნახატების რესტავრაცია წინასწარ შედგენილი კვლევითი და სარეაბილიტაციო — საკონსერვაციო პროექტის მიხედვით შესრულდა,რომლის ფარგლებშიც ნამუშევრებზე სხვადასხვა აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა.
„მოხდა დუბლირება ტილოზე, დაზიანებული ფერწერული ფენა შეივსო სარესტავრაციო გრუნტით, ზედაპირი გაიწმინდა და დაიფარა დამცავი ლაქით, დამუშავდა სურათის ზურგის მხარე, გამაგრდა ნახევები და ფერწერული ფენა, მუყაოს ზედა ფენის დანაკარგების ადგილას გაკეთდა ჩასმები“ — ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მალე რესტავრირებული სურათები სახლ-მუზეუმს დაუბრუნდება და მათ ნახვას ნებისმიერი მსურველი შესძლებს.
2012 წელს ნიკო ფიროსმანის სამი სურათის რესტავრაცია გაკეთდა: „თამარ მეფე“, „ყურძნის კრეფა“ და „ორთაჭალის ტურფა“. ხოლო 2015 წლის იანვარში, საქართველოში შედგა მხატვრის რესტავრირებული ტილოს „ნადირობა ინდოეთში“ პრეზენტაცია.
ნიკო ფიროსმანი (1862-1918) – XX საუკუნის ცნობილი ქართველი მხატვარი, ტრაგიკული ბედისწერით. ცხოვრობდა და გარდაიცვალა აბსოლუტურ სიღარიბეში და მხოლოდ დიდ ხნის შემდეგ ჰპოვა მისმა ნამუშევრებმა საყოველთაო აღიარება.
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ნიკო ფიროსმანის 146 ნამუშევარია დაცული. 16 ტილო სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმშია გამოფენილი.