თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს კრისტის აუქციონზე შეძენილი ნიკო ფიროსმანის ნახატის „არსენალის მთა ღამით“ საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისთვის გადაცემა აქვს განზრახული, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ფიროსმანის ნახატი „არსენალის მთა ღამით“ ორშაბათს, კრისტის აუქციონზე გაიყიდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა 1,5 მილიონ აშშ დოლარად. აუქციონზე ფიროსმანის ნამუშევარი „რუსული ხელოვნების“ განყოფილებაში იყო წარმოდგენილი, რამაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უკმაყოფილება გამოიწვია.
„უკვე ცნობილია, რომ სურათი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს გადაეცემა“, – აცხადებს ტელევიზია.
მილიარდერის მეუღლემ, ეკატერინე ხვედელიძემ მეუღლის შენაძენის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაწერა და აღნიშნა, რომ „სურათი მალე საქართველოში დაბრუნდება“.
მანამდე მომღერალმა ნიაზ დიასამიძემ წამოაყენა წინადადება, შექმნილიყო სპეციალური ფონდი თანხის მოსაგროვებლად და სურათის საქართველოში დასაბრუნებლად. ამასთან, პირველ ეტაპზე სურათი სახელმწიფოს უნდა გამოესყიდა, რათა ფონდს აუცილებელი თანხის მოგროვებისთვის დრო ჰქონოდა. მაგრამ კულტურის სამინისტროში განაცხადეს, რომ უწყებას არც აუქციონში კერძო პირის სახით მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა და არც სურათის საბიუჯეტო სახსრებით გამოსყიდვის.
ნიკო ფიროსმანი (1862-1918) მე-20 საუკუნის გამოჩენილი ქართველი მხატვარია. მან ტრაგიკული ცხოვრება განვლო და სიღატაკეში გარდაიცვალა. ფიროსმანის სიკვდილის შემდეგ დიდი ხნის მანძილზე მისი შემოქმედება ცხარე კამათსა და ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებებს იწვევდა. 1907-1908 წლებით დათარიღებული „არსენალის მთა ღამით” ნიკო ფიროსმანმა ზეთის საღებავებით მუყაოზე დახატა. ფიროსმანისთვის უჩვეულო პეიზაჟური ფერწერის ნიმუში 1920 წლამდე ვინმე ნიკოლას ბაიაძეს ეკუთვნოდა. მოგვიანებით ნახატი მხატვარმა კირილ ზდანევიჩმა შეიძინა, შემდეგ ის საბჭოთა მთავრობის ხელში აღმოჩნდა, რომელმაც ტილო ფრანგ პოეტს, მწერალსა და კრიტიკოსს ლუი არაგონს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით აჩუქა. ტილოს სხვა მფლობელები არ სახელდებიან, მხოლოდ აღნიშნულია, რომ კერძო კოლექციებში ინახებოდა. ”არსენალის მთა ღამით” ბოლოს 2010 წელს გაიყიდა.