თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. 20 სექტემბრიდან 26 სექტემბრამდე ბათუმსა და მის შემოგარენში ფრინველების მე-4 საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ამის შესახებ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პრესსამსახური ხუთშაბათს, 17 სექტემბერს იტყობინება.
ფესტივალის ფარგლებში იგეგმება გასვლითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვების ადგილებიდან, თემატური კონფერენციები, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტები.
ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად ქცეული ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი რეგიონში უდიდეს პოტენციალს ფლობს. აჭარა მსოფლიოში ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება. ფრინველებზე დაკვირვებისათვის გამოირჩევა ისეთი ადგილები, როგორებიცაა სოფელი სახალვაშო, ქობულეთის დაცული ტერიტორია — ისპანის ჭაობი, ჭოროხის დელტა, მტირალას ეროვნული პარკი და სოფელი შუამთა.
ფრინველების ფესტივალი ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტ უცხოელ ტურისტს იზიდავს. გასულ წლის შემოდგომის სეზონზე ორნიტოლოგიით გატაცებულ ტურისტთა განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა, კერძოდ, ამ მიზნით ჩამოსულ ტურისტთა 2000-მდე ღამისთევა იქნა აღრიცხული, ხოლო მათ მიერ გაწეულმა დანახარჯმა ჯამში 160 ათასი ლარი შეადგინა.
„მსგავსი შემოსავალი მნიშვნელოვან როლს თამაშობს "ბერდვოჩინგის" სათვალთვალო პუნქტების გარშემო არსებული სოფლების ეკონომიკურ კეთილდღეობაში. ყოველწლიურად მზარდი სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ ტურიზმის ამ მიმართულებას განვითარების დიდი პერსპექტივები გააჩნია რეგიონში“, — ნათქვამია უწყების შეტყობინებაში.
ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით გასულ წლებში მოხდა შუამთის სათვალთვალო პლტაფორმისა და თავშესაფარის ინფრასტრუქტურის მოწყობა. ტურიზმის დეპარტამენტი ხელს უწყობს ასევე ადგილობრივი საოჯახო ტიპის სასტუმროების განითარებას მათთვის ტურისტების მოზიდვითა და ტრენინგების ჩატარების გზით. ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ხდება ბროშურებისა და სარეკლამო ვიდეო — რგოლების სახით საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე, თემატურ ვებ-გვერდებსა და სოციალურ მედიაში.