თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. 2015 წლის აგვისტოში, აჭარაში ტურისტთა რიცხვი შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3%-ით გაიზარდა.
ეს სტატისტიკა აჭარის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ განთავსების ობიექტებს ეყრდნობა და რეგიონის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერაა მოწოდებული.
კერძოდ, რეგიონში, განთავსების ობიექტებში, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ტურისტთა რაოდენობის მიხედვით, განთავსების ობიექტების მონაცემთა შესაბამისად, ლიდერობს თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, პოლონეთი, ისრაელი, ბელორუსი, ლიტვა და ყაზახეთი.
რეგიონალურ ტურისტულ უწყებაში აღნიშნეს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აჭარაში საგრძნობლად გაიზარდა როგორც განთავსების ობიექტთა რიცხვი, ასევე განთავსების ადგილების რაოდენობა.
„2015 წლის იანვარ-აგვისტოში, რეგიონში 16 ახალი სასტუმრო გაიხსნა. (686 სასტუმროს ნომერი, 1200-მდე ადგილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეგისტრირებული განთავსების ობიექტების სრული აღწერა და უცხოელ ტურისტთა ბაზრის შესწავლა“, — იტყობინება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
საქართველოს შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, 2015 წლის აგვისტოში, საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით გაიზარდა და 852 ათას 377 კაცი შეადგინა.
2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%-ით გაიზარდა და 3 მილიონ 922 ათას 376 კაცი შეადგინა.