როი ჯონს-უმროსმა უკრაინის "შავ სიაში" მოხვედრაზე ყურადღება გაამახვილა და განაცხადა, რომ ვერ ხვდება, თუ რატომ ჩნდება მსგავსი პრობლემები. მისი თქმით, ის რუსეთში მშვიდობიანი მიზნებით ჩავიდა — ქვეყანაშ კრივის განვითარებისათვის. მან ასევე აღნიშნა, რომ მზადაა რინგზე ძმები კლიჩკოებიდან ნებისმიერს შეერკინოს.
"ვლადიმერ და ვიტალი კლიჩკო, უკრაინელი ბიჭები, ერთ-ერთი მათგანი პოლიტიკოსია, მეორე — მსოფლიოს ჩემპიონი. მე არცერთ მათგანთან არ მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ ერთ-ერთთან კრივზე შემიძლია ვთქვა: შესანიშნავია, დავიწყოთ ბრძოლა", — განაცხადა ჯონსმა.
ერთი კვირით ადრე ის ყირიმს ეწვია, სადაც ვლადიმერ პუტინს რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება სთხოვა.
მოკრივემ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება არავითარ კავშირში არაა პოლიტიკასთან, არამედ მიმართულია
აშშ-სა და რუსეთს შორის სპორტული და კულტურული ურთიერთობის გამყარებისაკენ.
ნახევარკუნძულზე სტუმრობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების მოთხოვნაზე ხელის მოწერის შემდეგ
მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ამერიკელი მოკრივე უკრაინის "შავ სიაში" აღმოჩნდა.
"ამერიკელი მოკრივე როი ლევესტა ჯონსი "მშვიდობისმყოფლის" მონაცემთა ბაზაში შეიყვანეს როგორც სახელმწიფო საზღვრის დამრღვევი", — განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენომ.
მოკრივემ "შავ სიაში" შეყვანის ფაქტს იმ მშვიდობიანი და კანონიერი ბიზნესის პოლიტიზირების მცდელობა უწოდა, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის "ხიდების აღდგენისათვის" იწარმოება.