თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების წარმომადგენლების განცხადებები ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან დადგმული ბანერების შესახებ იდენტურია, განაცხადა პარასკევს, 17 ივლისს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა.
შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ რუსი მესაზღვრეები ცხინვალის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის არსებულ ადმინისტრაციულ ”საზღვარს” აქეთ არ გადმოსულან. ვითარება ადგილზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც 10 ივლისს გორის რაიონის სოფლებთან ბანერები წარწერით ”სამხრეთ ოსეთი” დაამონტაჟეს.
”მას გარკვეულწილად მხედველობაში აქვს ის, რომ ბანერის დაყენება ლეგიტიმურად მოხდა. მან ეს ათასჯერ გაიმეორა და სწორედ ეს თქვა კარასინმა (რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე) ჟენევაში. სამწუხაროდ, ერთსა და იმავე სიმღერას მღერიან საქართველოს ხელისუფლება და რუსეთის ხელისუფლება”,- განაცხადა მინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
კარასინმა 14 ივლისს ადმინისტრაციულ საზღვართან გამართულ საპროტესტო აქციებს ”ემოციური აფეთქება” უწოდა. მისი თქმით, საზღვარი არ შეცვლილა, ხოლო პროვოკაციებს საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის მოსურნე ძალები აწყობენ.
ქართველმა ჟურნალისტებმა, რომლებმაც ”საზღვართან” საპროტესტო აქცია გამართეს, ერთ-ერთი ბანერი წარწერით ”სამხრეთ ოსეთი” ჩამოხსნეს და იმ ადგილას საქართველოს დროშა აღმართეს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა, 16 ივლისს ეს დროშა ჩამოხსნეს და ქართული მხარე გააფრთხილეს, რომ ”სასაზღვრო რეჟიმის” დარღვევას დაპატიმრება მოჰყვება.