კვირიკაშვილი: აფხაზეთის მონაკვეთზე რკინიგზის აღდგენაზე საუბარიც კი არ შეიძლება იყოს

© https://www.facebook.com/economyprგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ პირობებში, როდესაც ჩვენთან აბსოლუტურად არაადექვატური ქმედებებია, როდესაც ხელი ეწერება ჩვენი რეგიონების ინტეგრირების შესახებ შეთანხმებას, გამორიცხულია რაიმე სახის ტრანზიტის აღდგენაზე საუბარი, განაცხადა კვირიკაშვილმა.

თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. აფხაზეთის მონაკვეთზე რკინიგზის მოძრაობის აღდგენაზე საუბარიც კი არ შეიძლება იყოს, განაცხადა საქართველოს ვიცე–პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი და საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხების მოგვარებაში ზურაბ აბაშიძე, 15 ივლისს პრაღაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

 „ამ პირობებში გამორიცხულია, როდესაც ჩვენთან აბსოლუტურად არაადექვატური ქმედებებია, როდესაც ხელი ეწერება ჩვენი რეგიონების ინტეგრირების შესახებ შეთანხმებას, გამორიცხულია რაიმე სახის ტრანზიტის აღდგენაზე საუბარი“, განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისი სიტყვებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ამ დრომდე კვლავ გადაუჭრელი რჩება, „იმ შემთხვევაშიც კი თუ ადმინისტრაციული საზღვარი 300 მეტრით არ გადმოიწეოდა, აფხაზეთის მონაკვეთზე რკინიგზის ტრანზიტზე საუბარიც კი ზედმეტია“. 

კვირიკაშვილის განცხადებით, ტექნიკური საკითხების განხილვა, როგორიცაა ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ავტომანქანების გატარება, ამ დრომდეც მნიშვნელოვანი იყო.

 „თუმცა, ამ ეტაპზე, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მეტად არასასიამოვნო ფონია შექმნილი რაიმე სახის ეკონომიკური საკითხების განსახილველად“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა.

მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა თბილისი–გორის ცენტრალურ ავტომაგისტრალიდან 450 მეტრში, გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ბანერების უკანონოდ აღმართვის გამო.


ყველა ახალი ამბავი
0