საქართველოს ხელისუფლების მოლოდინები რიგის სამიტზე ამაოა

გამოწერა
უფრო ადრე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფორმატი ევროკავშირის გაფართოების ინსტრუმენტი არ არის.

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ  „აღმოსავლეთ პარტნიორობის" შემაჯამებელ დეკლარაციაში საქართველოსთვის ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ საუბარი არ იქნება.

მანამდე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფორმატი ევროკავშირის გაფართოების ინსტრუმენტი არ არის. „ხელოვნური მოლოდინები არ უნდა გამოვიწვიოთ, რომლებსაც მერე ვერ შევასრულებთ”, — განაცხადა მან.

„რიგის დეკლარაციაში სავიზო ლიბერალიზაციაზე სიტყვაც არ იქნება ნათქვამი. გარდა ამისა, გერმანიის კანცლერის, ქალბატონი მერკელის მხრიდან მოვისმინეთ განცხადება, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა” არანაირად არ ნიშნავს ევროკავშირის წევრობას. მართალია, ეს ჩემთვის ახალი არ არის, მაგრამ ეს უნდა იცოდეს საქართველოს მოსახლეობამ, რომელსაც წლების განმავლობაში ატყუებს ხელისუფლება", — განუცხადა ჟურნალისტებს ხუთშაბათს, 21 მაისს ბურჯანაძემ.

”აღმოსავლეთ პარტნიორობის” პროგრამა აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელორუსიასთან, საქართველოსთან, მოლდავეთთან და უკრაინასთან ევროკავშირის პოლიტიკურ  ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას ითვალისწინებს. ბოლო სამმა ქვეყანამ მიმდინარე წელს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. 

ევროკომისიის 2015 წლის 8 მაისის მოხსენების თანახმად, საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) მეორე ფაზის ძირითადი 15 მოთხოვნიდან შვიდი შეასრულა. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გეგმის მეოთხე ბლოკის (მეორე ფაზის) შესრულების თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი არსებითია.


ყველა ახალი ამბავი
0