თბილისი, 20 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 20 მაისს სამუშაო ვიზიტით ლატვიაში გაემგზავრა, სადაც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, ამის შესახებ მთავრობის მეთაურის პრეს-სამსახური იტყობინება.
„სამიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, დაესწრება ოფიციალურ მიღებებს, რომლებიც დელეგაციების ხელმძღვანელების პატივსაცემად გაიმართება და სიტყვით გამოვა სამიტის პლენარულ სხდომაზე“ — ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს დელეგაციაში ასევე შედიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე.
„აღმოსავლეთ პარტნოირობის“ მეოთხე სამიტი რიგაში 21 მაისს სამუშაო სადილით გაიხსნება. სამიტში ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის ლიდერთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის, აზერბაიჯანის, ბელორუსიისა და სომხეთის ლიდერები. სამიტის პლენარული სესია 22 მაისს გაიხსნება და მისი შედეგების მიხედვით მიღებული იქნება დეკლარაცია, რომელზეც მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება. სამიტის ფარგლებში დაგეგმილია ბიზნეს-ფორუმი და სამოქალაქო საზოგადოების კონფერენციები.
სამიტის მსვლელობისას მოსალოდნელია უკრაინაში კრიზისის დარეგულირების შესაძლებლობისა და მინსკის შეთანხმების დაცვის აუცილებლობის, მთიან ყარაბახსა და დნესტრისპირეთში კონფლიქტების, ასევე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.