თბილისი, 20 მაისი — Sputnik. ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ ორშაბათს, პლენარულ სხდომაზე გაფართოების შესახებ დეკლარაცია მიიღო, სადაც მოუწოდა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს, გადადგან შემდგომი ნაბიჯი საქართველოსთან მიმართებაში და მიანიჭონ მას ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა — MAP-ი.
რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ადასტურებს ნატოს გაფართოების სრულ მხარდაჭერას და ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოს, მონტენეგროსა და მაკედონიის ნატოს წევრობისაკენ სწრაფვას. გარდა ამისა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება უელსის სამიტის გადაწყვეტილებას (4-5 სექტემბერი 2014 წელი) ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინისა და მაკედონიის მიმართ განახლებულ წახალისებას, ზომათა არსებით პაკეტს, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სწრაფვას ნატოსკენ და განზრახვას, მიიწვიოს მონტენეგრო ალიანსში 2015 წლის დასასრულს.
„აღნიშნულ დეკლარაციაში ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერია. მასში ნათქვამია, რომ საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს მთავრობებსა და პარლამენტებს განაგრძონ საქართველო-ნატოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მხარდაჭერა და ბუქარესტის სამიტის 2008 წლის გადაწყვეტილების თანახმად, მიანიჭონ საქართველოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა — ე.წ. MAP-ი“, — განაცხადა 19 მაისს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა, რომელიც ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ქართული მხარის ინიციატივით, დეკლარაციის პროექტში ორი შესწორება შევიდა.
„ჩვენ შევიტანეთ კიდევ ორი ცვლილება (დეკლარაციაში — რედ.შენიშვნა). პირველი წარმოდგენილია დეკლარაციის მეხუთე პუნქტში — ეს არის საქართველო-ნატო-ს არსებითი პაკეტი. ე.ი. მოცემულ სიტუაციაში ამ ძალიან მნიშვნელოვან დეკლარაციაში დაფიქსირებულია საქართველო-ნატოს არსებითი პაკეტი, ასევე ხაზგასმულია, რომ ეს არის წევრობის ინსტრუმენტი. ასევე ირაკლი ჩარკვიანის (დეპუტატი) ინიციატივით, დამატებით მერვე პუნქტში შევიდა ცვლილება, რომელშიც ნათქვამია, რომ ნატოს გაფართოების პროცესი არ შეიძლება მოხდეს მესამე ქვეყნის გავლენით, გარდა ასპირანტი და ალიანსის წევრი ქვეყნებისა“ — განაცხადა სესიაშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნულ ცვლილებებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თითქმის ყველა წევრმა დაუჭირა მხარი, ზოგიერთების გამოკლებით.
„ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ჩვენ ავტომატურად მივიღებთ MAP-ს, მაგრამ ეს ძალიან ძლიერი პოლიტიკური განცხადებაა, ეს მოწოდებაა მთავრობებისა და პარლამენტების მიმართ და რა თქმა უნდა ამ პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტია“, — განაცხადა სესიაშვილმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა სახელმწიფო სტრუქტურის ვალია აჩვენოს მაქსიმუმი, ნატოში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერის მისაღებად.
„რა თქმა უნდა ეს პროცესია, ეს თამაში არ არის, სადაც კონკრეტულ დროს უნდა წააგო ან მოიგო. ამ დეკლარაციაში მსგავსი ჩანაწერის არსებობა, წინ გადადგმული ნაბიჯია, იმისთვის რომ MAP —ის მისაღებად პოლიტიკური მხარდაჭერა გაძლიერდეს. დანარჩენი რეფორმებზეა დამოკიდებული”- განაცხადა დეპუტატმა.