თბილისი, 20 მაისი — Sputnik. ეროვნული ვალუტის — ლარის კურსის გამყარება სავარაუდოდ ტურიზმის ზრდით არის გამოწვეული. ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა, ბოლო დღეებში ლარის კურსის გამყარების მიზეზების კომენტირებისას.
„სავარაუდოდ ლარის კურსის გამყარება ტურიზმის ზრდით არის გამოწვეული. ალბათ თქვენც შენიშნეთ, რომ ტურისტთა ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა. უცხოური ვალუტის შემოდინება ძალიან მნიშვნელოვანია. EBRD-ს ღონისძიების მსვლელობისას ბევრი სტუმარი ჩამოვიდა. მთლიანობაში ეს ძალიან კარგი და მისასალმებელია,“ — განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
„რთულია ყოველდღიურ რეჟიმში ანალიზი, თუ რამ გამოიწვია ლარის გამყარება, მაგრამ ძალიან კარგია, რომ ეს პროცესი მიდის, ეს უკვე ძალიან დადებითია“ — განაცხადა კვირიკაშვილმა.
საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ აქტიური გაუფასურება გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო და ვაჭრობის ბოლო შედეგებით, კურსი 2.3234 GEL/$-ს შეადგენს. მიმდინარე კვირის დასაწყისიდან ლარის კურსი თითქმის 3 თეთრით —1.7% —ით გაიზარდა.