თბილისი, 20 მაისი — Sputnik. სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” რიგის სამიტში მონაწილეობას მიიღებს, იუწყება ოთხშაბათს სააგენტო Новости-Армения.
”ამ ვიზიტთან დაკავშირებით ყველა დეტალი ცნობილი სომხეთის რესპუბლიკური პარტიის აღმასრულებელი ორგანოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. ეს საკითხები განხილული ჯერ არ არის, გადაწყვეტილია მხოლოდ ის, რომ (სამიტს) დაესწრება პრეზიდენტი”, — განაცხადა რესპუბლიკური პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ ვაგრამ ბაღდასარიანმა.
მისი თქმით, ასეთი სამიტები და შეხვედრები აჩვენებს, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესვლა არ ნიშნავს, რომ სომხეთის ურთიერთობები ევროკავშირთან შეწყდება.
”ჩვენ ნებისმიერი ეკონომიკური თანამშრომლობისთვის მზად ვართ, რომელიც არსებულ შეთანხმებებს არ შეუშლის ხელს”, — აღნიშნა ბაღდასარიანმა.
რიგის სამიტი ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” პროგრამის ფარგლებში, რომელშიც შედიან სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა და ბელარუსი, 21-22 მაისს გაიმართება.