თბილისი, 20 მაისი – Sputnik. ევროსაბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკი არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ევროკავშირმა საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმი 2016 წელს შემოიღოს.
„ყველაფერი დამოკიდებულია მათ ძალისხმევასა და სიმტკიცეზე. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს არ არის ფორმალური დაპირება. ჩვენ შუა პროცესში ვართ, მაგრამ პროგრესი ორივე ქვეყანაში – საქართველოსა და უკრაინაში – ნამდვილად იმედისმომცემია“, – განაცხადა ტუსკმა „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, ევროკავშირის შემდგომი შეფასება საქართველოსა და უკრაინისათვის უვიზო რეჟიმის მისაცემად შესაძლოა ჩატარდეს ნოემბერში. თუკი „პროგრესი იქნება ისეთივე იმედისმომცემი, როგორიც არის დღეს, მე ვფიქრობ, რომ 2016 წელს ეს ყოვლად შესაძლებელია“.
ამასთან ევროსაბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პროგრამა „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ არასდროს იძლეოდა ევროკავშირის წევრობის გარანტიას, მაგრამ კიევს, თბილისსა და კიშინიოვს აქვთ ოცნების უფლება, მათ შორის, ევროპული ოცნებისა“.
„ჩვენი ვალია – მე ვგრძნობ, რომ ეს პირადად ჩემი პასუხისმგებლობაცაა – არ გავცეთ ცარიელი დაპირებები იმის თაობაზე, რომ ეს (ევროკავშირში გაწევრიანება) შესაძლოა მოხერხდეს ხვალ ან ზეგ“, – განაცხადა ტუსკმა.
ევროკომისიის 2015 წლის 8 მაისის მოხსენების თანახმად, საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის 15 ძირითადი მოთხოვნიდან შვიდი შეასრულა. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეოთხე ბლოკის შესრულების თვალსაზრისით არსებითია.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსი ქვეყნიდან ჯერჯერობით მხოლოდ მოლდოვა სარგებლობს ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესაძლებლობებით.