თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ დასავლელი პარტნიორები საქართველოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან მოლაპარაკებების გაგრძელებას ურჩევენ.
ასეთი კომენტარით გამოეხმაურა იგი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, მან კარასინი სამხრეთ ოსეთთან შეთანხმების ”მეკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ” რატიფიკაციის საკითხებში თავის წარმომადგენლად დანიშნა. დოკუმენტს ხელი მოსკოვში 18 მარტს მოეწერა.
”კარასინი დსთ-სთან და ეგრეთ წოდებულ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებთან ურთიერთობებს კურირებს და პრეზიდენტის დავალებით ის სათათბირო ორგანოში რატიფიცირებისთვის შესაბამის დოკუმენტებს წარადგენს”, — განაცხადა აბაშიძემ ოთხშაბათს, 20 მაისს ტელეკომპანია ”რუსთავი-2”-ის ეთერში.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ კარასინთან მოლაპარაკებებს არაფორმალური ხასიათი აქვს.
”დღემდე ჩვენ არაფორმალურ დიალოგს ვმართავთ ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ცალსახა რჩევაა, რომ დიალოგი აუცილებლად გაგრძელდეს, რაოდენ რთული და პრობლემატურიც არ უნდა იყოს”, — განაცხადა აბაშიძემ.
ამ დროისთვის დიალოგი რუსეთსა და საქართველოს შორის ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში აბაშიძე–კარასინის რეგულარული შეხვედრების ფონზე ნარჩუნდება. შეხვედრების ფორმატი პოლიტიკური საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს, მათზე ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის განახლების, სატრანსპორტო მიმოსვლის, კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხები წყდება.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში, მოსკოვის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ შეწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგად მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელეს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარება, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის საზიანოდ.