თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც, შპს ”აგრო წალკას” პირდაპირი მიყიდვის წესით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად — ერთ ლარად გადაეცემა.
კერძოდ, "აგრო წალკას” გადაეცემა თბილისში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე 32 ათას 595 კვადრატული მეტრი ფართის მიწის ნაკვეთი, რომლის საბაზრო ფასიც 180 ათასი ლარია.
კომპანია აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესანახად სამაცივრე დანადგარების შექმნას გეგმავს, რომლებიც ფუნქციონირებას დადგენილების ამოქმედებიდან ორი წლის განმავლობაში დაიწყებს.
”აგრო წალკა” სამაცივრე მეურნეობის შესაქმნელად 720 ათასი ლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს.
"აწარმოე საქართველოს" პროექტით უკვე 73 ბენეფიციარი სარგებლობს. იგი ფინანური რესურსების ხელმისაწვდომობასა და ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
ინვესტიციების მოსალოდნელი საერთო მოცულობა 121,2 მილიონ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს.