თბილისი, 20 მაისი – Sputnik. არ შეიძლება არც ერთი ძეგლის განადგურება, რუსეთმა არ უნდა უარყოს საკუთარი ისტორიის არც ერთი პერიოდი, რადგან ეს საზოგადოების რღვევას იწვევს, განაცხადა ოთხშაბათს რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრმა ვლადიმირ მედინსკიმ „დიდი რუსული რევოლუციის 100 წელი: გააზრება კონსოლიდაციისთვის“ სახელწოდებით გამართული მრგვალი მაგიდის დასრულების შემდეგ, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
მრგვალი მაგიდა თანამედროვე რუსეთის ისტორიის მუზეუმში გაიმართა.
"უგუნურება – საშინელი დიაგნოზია. როდესაც ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ანადგურებენ ჩვენი მეზობლები არა მხოლოდ ლენინის ძეგლებს, არამედ მარშალ ჟუკოვისა და მზვერავი კუზნეცოვის მემორიალურ დაფებს, ანადგურებენ ყველაფერს, რაც ჩვენ საერთო ისტორიასთანაა კავშირში, ეს საზოგადოების რღვევას იწვევს. რა არის ძეგლი? ძეგლი ხსოვნაა და არ შეიძლება ძეგლის განადგურება, ჩვენ არ უნდა უარვყოთ ჩვენი ისტორიის არც ერთი პერიოდი“, – განაცხადა მედინსკიმ.
უკრაინაში პოლიტიკური კრიზისის დაწყების მომენტიდან საბჭოთა ეპოქის ძეგლების მიმართ ვანდალიზმი გახშირდა. ამ მხრივ ყველაზე დიდი რეზონანსი 2013 წლის 1 დეკემბერს მომხდარმა ინციდენტმა გამოიწვია, როდესაც რადიკალებმა კიევის ცენტრში ლენინის ძეგლი კვარცხლბეკიდან ჩამოაგდეს. ჯამში მათ უკრაინაში 500–ზე მეტი ლენინის ძეგლი გაანადგურეს, დაახლოებით 1,7 ათასი შემორჩა.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გასულ პარასკევს კომუნისტური და ნაცისტური რეჟიმების დაგმობის კანონს მოაწერა ხელი, რაც საბჭოთა სიმბოლიკის პროპაგანდას კრძალავს.