თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინიციატივით ამიერიდან ყოველწლიურად მსოფლიოში ცნობილი ქართველი მხატვრის, პრიმიტივისტ ნიკო ფიროსმანის დღე მაისში აღინიშნება.
წელს, მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ფიროსმანის დღე 20 მაისს აღინიშნება .
”ფიროსმანის დღე" წარმოადგენს სახალხო და ამავე დროს საერთაშორისო საზეიმო სიმბოლურ აქციას, რომელიც გათვალისწინებულია ყველა ასაკის სტუმრისათვის”, — აღნიშნულია სოციალურ ქსელ Facebook-ში ღონისძიების ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
საზეიმო ღონისძიება დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 17:00 საათზე დაიწყება. საღამოს სტუმრებს ფიროსმანის ”გაცოცხლებული” პერსონაჟები შეეგებებიან. ბავშვებისა და მოზარდებისთვის ორგანიზებული იქნება სამეცნიერო-სახალისო პროგრამა — მათ შეეძლებათ გამოჩენილი ქართველი მხატვრის ტილოების მიხედვით ხატვა, ფაზლების აწყობა და მხატვრის პერსონაჟების ”გაცოცხლება”.
”ფიროსმანის დღეს'' საქართველოს რეგიონების მაცხოვრებლები და საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები შეუერთდებიან; ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება მათ მიერ გამოგზავნილი მისალოცი ვიდეო-რგოლები.
ზეიმი ცაში წითელი საჰაერო ბურთების გაშვებით დასრულდება.
მონაწილეებისა და მოწვეული სტუმრების გარდა, ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველისათვის თავისუფალი იქნება